”სოფია” I.DE.A.-სგან
I.DE.A. Sofia
21 მარტი
იტალიური სადიზაინერო კომპანიები და ატელიეები ყოველთვის გამოირჩევიან დახვეწილი გარეგნობის მქონე სერიული და კონცეპტუალური ავტომობილებით, რომლებსაც პირველ რიგში, ლამაზ ქალს ან საბრძოლოდ მომზადებულ გლადიატორს თუ შეადარებ. ნებისმიერ შემთხვევაში, აპენინური ავტომობილები თვალს თავიანთი მომნუსხველი დიზაინით იზიდავენ.
ამ მხრივ, გამონაკლისი არც ტურინული სადიზაინერო ინსტიტუტი I.DE.A.-ა, რომელიც უკვე ოთხი წელია, ჟენევურ საავტომობილო გამოფენებს არ ტოვებს. და რატომღაც, თავის ავტომობილებს ქალის სახელს არქმევს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჟენევის წლევანდელი რანდევუ ყოფილა, რომელზეც I.DE.A.-მ თავისი მორიგი კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა ქალის სახელით ”სოფია”.
ქალის სახელი რა გასაკვირია, როდესაც ამ შესანიშნავი კონცეპციის ავტორებს პრეს რელიზში ეწერათ, რომ ”სოფიას” დიზაინი ქალის ფორმების შთაგონებით შეიქმნა. თანაც, ის ასევე ელეგანტურ, ”გლამურულ” (ეს სიტყვაც ატელიეს პრეს რელიზიდანაა) შინდისფერში გამოაწყვეს.
იდეაში, ”სოფია” ჰიბრიდული ავტომობილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟენევაში ატელიემ მხოლოდ ძარა წარმოადგინა ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე. პრეს რელიზში მითითებულია, რომ პერსპექტივაში, ”სოფია” იმდაგვარადაა გათვლილი, რომ ის შეიძლება აღიჭურვოს როგორც მხოლოდ V8 ძრავით, ასევე ამავე ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული კომბინაციით. წამყვანი კი შეიძლება იყოს როგორც წინა, ასევე უკანა ბორბლები.
სხვათა შორის, I.DE.A.-ს შარშანდელი კონცეპცია ”ერაც” მხოლოდ ძარა იყო ძრავის, ტრანსმისიის და სალონის გარეშე. როგორც ჩანს, ტურინულ ატელიეში თავიანთი ქმნილებების ტექნიკური მხარით ნაკლებად ინტერესდებიან, ან მათ ამის საშუალებას ფინანსების ნაკლებობა არ აძლევს.
შეძლებს თუ არა ”სოფია” I.DE.A.-სთვის მსხვილი კლიენტების მიზიდვას, რომლებსაც სურთ, რომ მათი სერიული ავტომობილები მასავიტ ელეგანტურად გამოიყურებოდნენ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტი ერთია, ამ პატარა სტუდია-ინსტიტუტს, რომელმაც ახალი ცხოვრება 2007 წელს დაიწყო, იტალიაშივე არაერთი ავტორიტეტული კონკურენტი ჰყავს, რომლებსაც ჟენევაში არანაკლებ თვალწარმტაცი კონცეპციები ჰქონდათ გამოფენილი.
No comments:
Post a Comment