”ალფა რომეო დუეტტოტანტა” ”პინინფარინასგან”
Pininfarina Alfa Romeo 2ettottanta
21 მარტი
ჟენევაში ”პინინფარინამ” ერთდროულად ორი იუბილე აღნიშნა. ერთი თავისი დაარსებიდან 80 წელს ეძღვნება, მეორე კი - ”ალფა რომეოს” დაარსებიდან 100 წელს. ორივე თარიღთან დაკავშირებით კი ერთი კონცეპტუალური ნამუშევარი - ორადგილიანი როდსტერი ”დუეტტოტანტა” წარმოადგინა.
სახელი ”დუეტტოტანტა” ორი სიტყვისგან შედგება - დუეტ წყვილს ნიშნავს, ტოტანტა კი - 80-ს. როგორც კონცეპციის ავტორებმა განაცხადეს, ამ სადა დიზაინში ერთმანეთთან იტალიური ატელიეს ტრადიციები და ნოვატორული მიმართულებაა შერწყმული. ის 1966 წლის კონცეპტუალური ”დუეტოს” მოტივებზეა შექმნილი.
”დუეტტოტანტას” ზომებია: სიგრძე 4213 მმ, სიგანე 1797 მმ და სიმაღლე - 1280 მილიმეტრი. ამგვარად, ის ყველა პარამეტრით, როდსტერ ”ალფა რომეო სპაიდერზე” კომპაქტურია. ის საკმაოდ სადა და იმავდროულად, დახვეწილი გარეგნობით გამოირჩევა, რომელშიც რეტროსთან თანამედროვე სტილია შეხამებული, რასაც ხაზს წინა და უკანა წვრილი შუქდიოდური ფარები, ასევე უკანა დიფუზორი უსვამს. რეტრო სტილზე მიგვანიშნებს უსაფრთხოების რკალების უკან არსებული ”კუზები”, რომლებიც აეროდინამიკური ელემენტების მოვალეობას ასრულებენ.
სალონიც სისადავითა და ასკეტურობით გამოირჩევა. რეტრო სტილშია შესრულებული საჭის რგოლი, რომლის უკანაც ძირითადი მაჩვენებლებია მოთავსებული. აქ ვერ ნახავთ მრავალფუნქციურ მონიტორს და სხვადასხვა დამხმარე და მულტიმედიური სისტემების სამართავ პულტებს. სალონში ყველაფერი - სავარძლები და დიდი ზომის პანელები ტყავითაა გაწყობილი, რაც მას უბრალოებას არ უკარგავს.
კაპოტის ქვეშ, გრძივად მოთავსებულია 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრეც არ გამოცხადებულა. ისიც უცნობია, თუ რამდენი საფეხური აქვს გადაცემათა კოლოფს, რომელსაც ორდისკოიანი ქური ემსახურება. მართალია, ძრავი საკმაოდ მცირელიტრაჟიანია, მაგრამ მანქანის საფირმო ბორბლებზე ჩაცმული დაბალპროფილიანი საბურავების (დანლოპის წარმოების) მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძრავს ”დუეტტოტანტას” გარეგნობის შესაფერისი ტექნიკური მონაცემები უნდა ჰქონდეს.
No comments:
Post a Comment