Friday, April 2, 2010

”ბენტლის” ახალი 505-ცხენისძალიანი ძრავი

Bentley Presents New 505 BHP V8 Engine

2 აპრილი

ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”ბენტლიმ” საზოგადოებას პირველად უჩვენა თავისი ახალი ლუქსის კლასის სედანი ”მულსანი”, ახლა კი დადგა დრო, როდესაც ინგლისურმა კომპანიამ ამ ავტომობილის გული - 6.75-ლიტრიანი V8 აგრეგატი გაგვაცნო, რომელსაც წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება.

ეს პრაქტიკულად იგივე ძრავია, რომელსაც ადრე ”ბენტლი” მოდელებზე, ძველ ”მულსანზე”, ”ტურბო R-სა” და ”S2 კონტინენტალზე” იყენებდა. ოღონდ, ამჯერად აგრეგატს ორი ახალი სისტემა აქვს, რომელთა წყალობითაც, 15 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს და გარემოსაც ნაკლებად აბინძურებს. ეს სისტემებია შეშვების და გამოშვების ცვალებადი ფაზებისა და ცვალებადი კუმშვის ხარისხის სისტემა.

გაუმჯობესდა ძრავის სხვა მონაცემებიც: მისმა სიმძლავრემ 505 ცხენის ძალა შეადგინა, მაქსიმალური მომენტი კი 1020 ნიუტონმეტრია. თანაც, ამ მაჩვენებელს ის ძრავის მუხლა ლილვის 1 750 ბრ/წთ-ზე აღწევს. ძრავთან შეწყვილებულია ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. მოკლედ, ეს ტანდემი ორ ტონაზე მძიმე ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე 5.1 წამში აჩქარებს.

კომპანიის განცხადებით, განახლებულ ძრავს დგუშები, ბარბაცასთან მათი დამაკავშირებელი თითები და გამანაწილებელი ლილვი ახალი აქვს. საერთო ჯამში, ”ბენტლის” ინჟინრებმა ძრავის 300 დეტალი განაახლეს, ან თავიდან შექმნეს. კომპანიის მთავარი ინჟინრის, ფილ კუპერის თქმით, თითო ძრავის აწყობას დაახლოებით 30 საათი სჭირდება.

”მულსანის” სერიული ვერსიის პრეზენტაცია ზაფხულში გაიმართება. კომპანია მყიდველს სალონის გაფორმების მრავალფეროვნებას სთავაზობს. გარდა ამისა, სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის კრუიზ კონტროლი, საქარე მინის წვიმისადმი მგრძნობიარე სისტემა, რომელიც საწმენდებს მაშინვე ჩართავს, როგორც კი შესაბამისი სენსორი წვიმის დაწყებას იგრძნობს. ცენტრალურ პანელზე მოთავსებულია 8-დუიმიანი მონიტორი, რომელიც ერთი მბრუნავი სახელურის საშუალებით იმართება. სისტემის მყარი დისკის ტევადობა 60 გიგაბაიტია, მასზევე ინტეგრირებულია სატელიტური სანავიგაციო სისტემა.

No comments:

Post a Comment