Friday, April 2, 2010

”ჰიუნდაის” პირველი სერიული ჰიბრიდი

Hyundai Sonata Hybrid

1 აპრილი

ნიუ იორკის საავტომობილო შოუზე, კორეულმა კომპანია ”ჰიუნდაიმ” თავის პოპულარულ მოდელ ”სონატას” ჰიბრიდული ვერსია წარადგინა, რომლის ჰიბრიდული ძალური დანადგარიც, მთლიანად კორეელი ინჟინრების მიერაა შემუშავებული.

ჰიბრიდულ დანადგარში შედის ბენზინის 2.4-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 169 ცხენის ძალას ავითარებს და რომელსაც გაზგანაწილების შეშვების და გამოშვების სისტემების ცვალებადი ფაზები აქვს. ამ ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. სისტემაში ასევე შედის 30-კილოვატიანი ელექტროძრავი.

ელექტროძრავი ენერგიას ლითიუმ-პოლიმერული აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს, რომელშიც 18.6 ათასი უჯრედია გაერთიანებული. ასეთი აკუმულატორები გავრცელებული ნიკელ-მეტალოჰიდრიდულებთან შედარებით, 40 პროცენტით კომპაქტური, 30 პროცენტით მსუბუქი და 1.7-ჯერ ტევადია.

ჰიბრიდულ სისტემას სამ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ის მხოლოდ შიდაწვის ძრავის მეშვეობითაც გადაადგილდება, მხოლოდ ელექტროძრავითაც და ორივეთი ერთდროულადაც. კორეული კომპანია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენია ჰიბრიდული ”სონატას” სვლის სიშორე, როცა ის მხოლოდ ელექტროძრავის ხარჯზე გადაადგილდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ქალაქური ციკლით მოძრაობისას, ავტომობილი 6.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს (100 კილომეტრზე), მაგისტრალზე მოძრაობისას კი ხარჯი 6 ლიტრამდე მცირდება.

სტანდარტული ”სონატასგან” ჰიბრიდულს დიზაინიც განასხვავებს. შეცვლილია მთავარი ფარები, რადიატორის ბადის მოყვანილობა, აეროდინამიკის დახვეწის ხარჯზე კი შემხვედრი ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 12 პროცენტითაა შემცირებული. ინტერიერში მუშაობს მონიტორი, რომელზეც ჰიბრიდული სისტემის ცალკეული აგრეგატების და მთლიანად სისტემის მუშაობის პარამეტრების შემოწმებაა შესაძლებელი.

ჰიბრიდული ”სონატას” კონკურენტები არიან შესაბამისი სისტემით აღჭურვილი ”ტოიოტა ქამრი”, ”ნისან ალტიმა” და ”ფორდ ფიუჟნი”. აღსანიშნავია, რომ კორეული ჰიბრიდი თავის კონკურენტებზე მძლავრი და მსუბუქია, ეკონომიურობის მხრივ კი, მას მხოლოდ ”ფორდ ფიუჟნი” სჯობს.

No comments:

Post a Comment