Friday, April 2, 2010

”მერსედეს SLS AMG GT3” რბოლებისთვის მზადაა

Mercedes SLS AMG GT3

2 აპრილი

პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია ”მერსედესმა” თავისი სუპერ ავტომობილის, ”თოლიას ფრთად” წოდებული SLS AMG-ს ბაზაზე, მისი სარბოლი ვერსია, SLS AMG GT3 შექმნა და მის შესახებ ფოტოები და ტექნიკურ-დინამიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სარბოლი ავტომობილიც იმავე, 6.3-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც მისი საგზაო ვერსია. სამაგიეროდ, SLS AMG GT3-ს ტრანსმისია აქვს განსხვავებული. ძრავის მიერ გამომუშავებილ მაბრუნ მომენტს 6-საფეხურიანი სექვენტალური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს. მისი საფეხურების ცვლა ხდება საჭის რგოლის უკან მოთავსებული ორი ბერკეტით. კოლოფი უშუალოდ უკანა ღერძზე ზის, ძრავს კი ის კარდანის ლილვით უკავშირდება.

სარბოლი ავტომობილი უზარმაზარ, 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელთაგან წინების სიგანე 300 მილიმეტრი, უკანებისა კი 325 მილიმეტრია. მათზე ჩაცმულია 287/682 ზომის წინა და 315/708 ზომის უკანა საბურავები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც საწვიმარი, ასევე სლიკი და საშუალედო. ავტომობილი აღჭურვილია პნევმატური ამწევი სისტემით, რომელიც ოთხ საყრდენს იყენებს და მისი დანიშნულება საბურავების სწრაფად შეცვლა.

ავტომობილის შიგნითაც ყველაფერი ისეა, როგორც სარბოლ ავტომობილს შეეფერება. საჭის რგოლი აღარაა რგოლი - მას ზედა ნაწილი წაჭრილი აქვს, რათა პილოტმა უპრობლემოდ შეძლოს საჭის უკან მოთავსებულ მონიტორზე გამოტანილი მონაცემების გარჩევა. სავარძელს უსაფრთხოების 6-წერტილოვანი ღვედები აქვს. გარდა ამისა, პილოტის უსაფრთხოებას მოემსახურება სისტემა ჰენს (ჰედ ენდ ნეკ სეიფტი, ანუ თავის და კისრის უსაფრთხოება), რომელიც ავტომობილის სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის. უსაფრთხოებასვე ემსახურება ფოლადის მილებისგან შეკრული ბუდე, რომელიც პილოტს ავტომობილის გადაბრუნების შემთხვევაში დაიცავს.

სხვათა შორის, ”მერსედესი” ამ ავტომობილის სამოქალაქო ვერსიასაც გამოუშვებს. ასეთი ავტომობილების წარმოება წელს, შემოდგომაზე, გაყიდვები კი მერმისს, გაზაფხულზე დაიწყება.

No comments:

Post a Comment