”ლოტუსმა” მომავლის ზემსუბუქი ავტომობილები შექმნა
Lotus puts Toyota's Venza on a Strict Diet
28 აპრილი
სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”ლოტუსის” ინჟინირინგულმა შტომ საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარა, რომლის მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ ავტომობილის წონის და მასთან ერთად, საწვავის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება დიდი ხარჯების გარეშეც სრულიად შესაძლებელია.
ექსპერიმენტი ”ტოიოტას” ქროსოვერ ”ვენცაზე”, ორ ნაწილად ჩატარდა. პირველი ნაწილი ითვალისწინებდა ისეთი ავტომობილის შექმნას, რომლის წარმოების დაწყებაც 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი, მეორის მიხედვით კი იგივე ავტომობილის 2020 წლის ვარიანტი უნდა დამზადებულიყო. მხედველობაში იქნა მიღებული ისიც, რომ შესაბამის პერიოდებში, შესაძლებელი გახდება ისეთი ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც ექსპერიმენტების დროს გამოყენებული მასალების მასობრივ წარმოებაში დანერგვას უზრუნველყოფს.
პირველი ექსპერიმენტის დროს აწყობილი ქროსოვერი, სტანდარტულ ”ვენცასთან” შედარებით, 21 პროცენტით მსუბუქი გამოვიდა, მეორე შემთხვევაში კი ავტომობილის წონა 37 პროცენტით შემცირდა. აშშ-ის ენერგეტიკის ინსტიტუტის სპეციალისტების გათვლებით, წონის ასეთი შემცირებით, ავტომობილის ეკონომიურობის 20 პროცენტზე მეტით გაუმჯობესება შეიძლება.
შემსუბუქების სამუშაოები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდა. მანქანა მთლიანად დაიშალა და შედგა მისი ყველა ნაწილის და კომპონენტის სრული სია. შემდეგ, ინჟინრებმა განსაზღვრეს, რამდენად შესაძლებელი იყო თითოეულის წონის შემცირება ისე, რომ ამით მათი გამძლეობა არ გაუარესებულიყო. ბევრ ნაწილსა და კომპონენტზე კი საერთოდ უარი ითქვა. ამგვარად, მათი რიცხვი, 400-დან 211-მდე შემცირდა.
შემდეგ დადგა მათი მასალების შერჩევის დრო. თუ იაპონური კომპანია, ”ვენცას” ძარის და შასის წარმოებისას, ძირითადად ჩვეულებრივ ფოლადს იყენებს, ”ლოტუსის” ინჟინრებმა აქცენტი ალუმინზე, ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობზე, კომპოზიტებსა და სხვა მსუბუქ მასალებზე გააკეთეს.
მაგალითად, 2020 წლის ვარიანტის ძარის 37 პროცენტი ალუმინისგან დამზადდა, 30 პროცენტი მაგნიუმის შენადნობისგან, 21 პროცენტი კომპოზიტისგან, 7 პროცენტი კი - მტკიცე ფოლადისგან. დარჩენილ 5 პროცენტზე ”ლოტუსი” არაფერს ამბობს, სავარაუდოდ, ეს ჩვეულებრივი ფოლადის წილია.
”ლოტუსის” ინჟინრებმა ბამპერების დასამზადებლად ალუმინი გამოიყენეს, შემაერთებელი დეტალები პლასტიკისგან და მაგნიუმის შენადნობისგან დაამზადეს. მსუბუქი მასალები გამოიყენეს შასის ელემენტების დასამზადებლადაც, რის შედეგადაც, შასის წონა 43 პროცენტით შემცირდა.
შემსუბუქების სამუშაოები სალონსაც შეეხო. აქ მექანიკური დეტალები ელექტრონიკით შეიცვალა. კერძოდ, გადაცემათა კოლოფის საფეხურების შემცვლელი ბერკეტისა და ხელის მუხრუჭის ნაცვლად, სენსორულ მონიტორზე არსებული შესაბამისი ღილაკები გამოიყენება. სავარძლები სპეციალური მტკიცე ქაფისგან, მათი სამაგრები კი ფოლადის ნაცვლად, პლასტიკატისგან დამზადდა. ამგვარად, სავარძლების წონა თითქმის განახევრდა.
ამ საინტერესო ექსპერიმენტით, ”ლოტუსის” ინჟინრებმა” დაამტკიცეს რომ ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებიც კი, წონის შემცირების ხარჯზე, უფრო ეკონომიურები და გარემოსადმი მეგობრულები შეიძლება გახდეს. თანაც, ამ დროს გამოყენებული ტექნოლოგიები ავტომობილს მხოლოდ სამი პროცენტით აძვირებს.
No comments:
Post a Comment