Thursday, February 9, 2012

გურამ დგებუაძე გარდაიცვალა

ქართულ ავტოსპორტს მისი ყველაზე გამორჩეული პიროვნება – გურამ დგებუაძე აღარ ჰყავს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფორმულა ერთში (1975 წელი), იმავე კლასში ბრინჯაოს პრიზიორი (1974), ფორმულა 3–ში საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი (1979) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1978 და 1980 წლები), არაერთი (მათ შორის, ორჯერ რუსთავის ავტოდრომზე) ეტაპის გამარჯვებული. საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი...
ეს ტიტულები ბევრის მეტყველია, თუმცა მისი დახასიათებისთვის ეს სრულებით არ კმარა. რბოლისას იყო შეუპოვარი, ცხოვრებაში კი დინჯი და გულისხმიერი, საუკეთესო მრჩეველი და მაგალითის მიმცემი ახალგაზრდა მრბოლებისთვის. მისი მიღწევები იმითაცაა გამორჩეული და დასაფასებელი, რომ საქარხნო მხარდაჭერის მქონე მეტოქეებთან ბრძოლაში აქვს მოპოვებული. მას ყველგან პატივს სცემდნენ, მისი სახელი სიჩქარესთან იყო ასოცირებული. „ბავშვმაც კი იცოდა“, ვინ იყო გურამ დგებუაძე...
თავისი ცხოვრების ბოლოს, ქართული ავტოსპორტის მატიანე დაგვიტოვა – მისი წიგნი „ფორმულა 1–ის სათავეებთან“, შარშან გამოვიდა და მასში დაწვრილებით, ძალიან საინტერესოდაა მოთხრობილი ქართული ავტოსპორტის ამბები. ეს წიგნი იმ ადამიანის მიერაა დაწერილი, რომელიც ავტოსპორტზე, სისწრაფეზე უზომოდ იყო შეყვარებული და რომელიც ავტოსპორტით ცხოვრობდა.
და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ცხოვრება დასრულდა...

No comments:

Post a Comment