”ჰიუნდაი აქცენტის” ჩინური დებიუტი
Hyundai Accent
26 აპრილი
იმ დროს, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის მთელს მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვების მკვეთრი შემცირება გამოიწვია, ჩინური ავტობაზარი ასევე მკვეთრად ზრდას განაგრძობდა. უფრო მეტიც, ცისქვეშეთის საავტომობილო ბაზარი მსოფლიოში უდიდესი გახდა და ეს საპატიო წოდება აშშ-ს, ავტოინდუსტრიის აქამდე უცვლელ ლიდერს ჩამოართვა.სწორედ ჩინური ბაზარი აღმოჩნდა ის ჯადოსნური ადგილი, რომელმაც ბევრი დიდი ავტომწარმოებელი კრახისგან იხსნა. ბევრი კომპანიისთვის, მაგალითად ”ფოლკსვაგენისთვის”, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა ნომერ პირველ ბაზრად იქცა. ჩინეთში სწორედ ვოლფსბურგელები არიან გაყიდვებში ლიდერები, მეორე და მესამე ადგილები კი შესაბამისად, ”ჰიუნდაის” და ”ჯენერალ მოტორსს” უკავიათ.
უნდა ითქვას, რომ ”ჰიუნდაის” გაყიდვებზე, ჩინური ბაზრის მსგავსად, ეკონომიკური კრიზისი თითქმის არ ასახულა. პირიქით, კორეელებმა კიდევ უფრო გაზარდეს მსოფლიო ბაზარზე თავიანთი წილი და შორს არაა ის დრო, როდესაც მათ მოწინავე ოთხეულში ვიხილავთ.
ბუნებრივია, როდესაც მწარმოებლისთვის რომელიმე ქვეყანა ნომერ პირველი ბაზარია, ის ცდილობს, რომ თავისი ახალი პროდუქცია პირველად სწორედ ამ ბაზარზე წარადგინოს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პეკინში დაწყებულ საავტომობილო გამოფენაზე, არაერთმა უცხოურმა კომპანიამ თავისი სიახლეები გამოფინა, ისეთი სიახლეები, რომლებზეც მანამდე არავის არაფერი სმენოდა.
სწორედ ჩინეთი გახდა ის ადგილი, სადაც ”ჰიუნდაიმ” თავისი პოპულარული ავტომობილის - კომპაქტურ სედან ”ვერნას” (ჩვენში ის აქცენტის სახელითაა ცნობილი) განახლებული ვერსიის მსოფლიო პრემიერა მოაწყო. ამ ავტომობილის მოკრძალებული გაბარიტებისა და მისი სალონის ასკეტურობის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას დაბალი ფასი ექნება და ამის წყალობით, ცისქვეშეთში მალე მოიხვეჭს პოპულარობას და კორეული კომპანიის გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
რა შეიძლება ითქვას ”ვერნას” გარეგნობაზე. ჯერ ერთი, ”ჰიუნდაის” დიზაინერების მთავარი ამოცანა, კომპანიის კორპორატიული სტილის დაცვა იყო, რაც მათ მეტნაკლებად გამოუვიდათ. თუმცა, იმავდროულად, ამ ავტომობილის ბევრი დეტალი მისი კონკურენტების ფორმებს მოგვაგონებს. პირდაპირ უნდა ითქვას, ძნელია გაიხსენო სხვა ავტომობილი, რომელიც მისი მწარმოებლის სტილის შენარჩუნების გარდა, სხვა კომპანიების (ტოიოტას, ფორდისა და პეჟოს) დიზაინის ელემენტებსაც იმეორებდეს. განსაკუთრებით თვალში საცემია რადიატორის ქვედა ჰაერის ამღების, ”ფორდ ფიესტას” ანალოგიურ ელემენტთან ძლიერი მსგავსება. თუმცა, ყოველივეს მიუხედავად, ახალ ”ვერნას” თამამად შეიძლება ვუწოდოთ დაპატარავებული ”სონატა”, რადგან ის ყველაზე მეტად სწორედ თავის უფროს ”ნათესავს” ჰგავს.თანამედროვე ტენდენციის შესაბამისად, ახალი ავტომობილი წინამორბედთან შედარებით, გაბარიტებში გაზრდილია. მისი სიგრძე 4340 მილიმეტრია (წინამორბედზე 60 მილიმეტრით გრძელი), სიგანე 1700 მმ (გაიზარდა მხოლოდ 5 მილიმეტრით), სიმაღლე კი - 1460 მილიმეტრი (წინამორბედზე10 მილიმეტრით დაბალი). რა თქმა უნდა, გაზრდილია (70 მილიმეტრით) ბორბლებს შორის ბაზაც, რომლის სიგრძეც 2570 მილიმეტრია. საერთო ჯამში, ავტომობილმა უფრო დინამიური სახე მიიღო, რასაც ხელს სახურავის მშვილდისებრი მოყვანილობა უწყობს.
მწარმოებელი გვარწმუნებს, რომ ახალი ”ვერნასთვის” სრულიად ახალი პლატფორმა გამოიყენა. თუმცა, მას საკიდარი თითქმის უცვლელად დაუტოვა. მანქანის წინა მხარე მაკფერსონის საყრდენებზე დგას, უკნიდან კი ბორბლებს გრძივი ბერკეტებით უკავშირდება. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ძარის სიხისტე, რაც მისი წარმოებისას მტკიცე ფოლადის გამოყენებამ განაპირობა.
ახალი ”ვერნასთვის” ჯერჯერობით მხოლოდ ორი ძრავია გათვალისწინებული. საბაზო კომპლექტაციაში შედის ბენზინის 1.4-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც მაქსიმუმ 107 ცხენის ძალას და 135 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ ძრავს, მყიდველის სურვილის შესაბაჯმისად, შეიძლება შეუწყვილდეს ან 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. ამ ძრავით და მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ”ვერნას” 100 კილომეტრის გასავლელად (შერეული ციკლით) 5.7 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ავტომატური კოლოფის შემთხვევაში კი ხარჯი 6.2 ლიტრამდე იზრდება.
მეორე ძრავიც საწვავად ბენზინს იყენებს. მისი მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია, მაქსიმალური სიმძლავრე 123 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 155 ნიუტონმეტრი. ამ ძრავისთვის კი მხოლოდ 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია გათვალისწინებული. ორივე ძრავი გაზგამანაწილებელი მექანიზმის ფაზების ცვალებადი სისტემითაა აღჭურვილი, რაც ეკონომიურობას აუმჯობესებს.
რა თქმა უნდა, ახალი ”ვერნას” გაყიდვები პირველ რიგში, ჩინეთში დაიწყება (წლის მეორე ნახევარში). ავტომობილის წარმოებას, კორეული კომპანიის პეკინური ქარხანა ივლისში შეუდგება. მოგვიანებით, ამ ავტომობილს ”ჰიუნდაი” მსოფლიოს ყველა ბაზარზე, მათ შორის, ამერიკასა და ევროპაშიც გაიტანს.
”ვერნა” ქართულ ბაზარზეც გაიყიდება. სავარაუდოდ, ჩვენთან ის ”აქცენტის” სახელით შემოვა და მისი გაყიდვები ალბათ ამ წლის ბოლოს დაიწყება. მისი ფასიც მოგვიანებით დადგინდება.
No comments:
Post a Comment