”ტოიოტა” ელიტარულ ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ აპირებს
Toyota has no intention of returning to ‘elitist’ Formula One
16 მაისი
”ტოიოტა” აცხადებს, რომ აღარ აპირებს ფორმულა 1-ში დაბრუნებას, რადგან სპორტის ამ სახეობას არანაირი შეხება არ აქვს იმ ბიზნესთან, რომლითაც იაპონური საავტომობილო კომპანიაა დაკავებული. სამაგიეროდ, მისთვის პრიორიტეტული ხდება იმ სარბოლ სერიებში ყოფნა, რომლებსაც ფანებთან უფრო მეტი შეხება აქვთ. ასეთ სერიებს შორის კი ”ტოიოტაში” ამერიკული ნასქარ-ის სერიას, ასევე გერმანიის ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლებს მოიაზრებენ.
სპორტისადმი დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ”ტოიოტას” სათავეში აკიო ტოიოდა, ავტორბოლების დიდი ფანი მოვიდა. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებაზე კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძიმე კრიზისმაც იმოქმედა, რომელიც თავის მხრივ, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. სწორედ ფინანსური კრიზისი იყო იმის მთავარი მიზეზი, რომ ”ტოიოტამ” თავისი ფორმულა 1-ის პროგრამა შეაჩერა.
თუმცა, იაპონური კომპანიის მმართველი დირექტორი ტადაში იამაშინა ამბობს, ფორმულა 1-დან წამოსვლის გადაწყვეტილება ისედაც დღის წესრიგში იდგა და მისი მიღება კრიზისმა მხოლოდ დააჩქარა.
”ასე ჩქარა შეიძლება არა, მაგრამ ეს მაინც მოხდებოდა. ტოიოდა მოტორსპორტს უყურებს, როგორც მომხმარებელთან დაახლოების საშუალებას. ფორმულა 1 კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რადგან ამ სპორტს შეხება თითქმის არ აქვს ავტომობილების სერიულ წარმოებასთან”, - ამბობს იამაშინა და დასძენს, რომ ფორმულა 1 სპორტის ელიტარული სახეობაა და ასეთად დარჩება.
სამაგიეროდ, ისეთი რბოლების დროს, როგორიც ნურბურგრინგის 24-საათიანია, ფანებს ბოქსების მონახულების და მანქანებთან შეხების უფლებასაც კი აძლევენ, რითაც რბოლებში მათი მონაწილეობის სასიამოვნო ილუზიას ქმნიან. ეს კი ფორმულა 1-ში წარმოუდგენელია და ალბათ, არც არასდროს მოხდება.
No comments:
Post a Comment