”ტოიოტა” მომცრო ზომის FT-86-ს შეიმუშავებს
Toyota Working On a Baby FT-86
16 მაისი
გამოცემა ”როუდ ენდ ტრეკის” ინფორმაციით, ”ტოიოტა” თავის კუპე FT-86-ის მომცრო ვერსიის შესაქმნელად მუშაობს. ჟურნალის მონაცემებით, ახალი სპორტული ავტომობილის სიგრძე 3.8 მეტრი იქნება, მის კაპოტქვეშ კი ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავი განლაგდება, რომლის სიმძლავრეც 110 ცხენის ძალაა.
ცნობისათვის, ”ტოიოტა” და ”სუბარუ”, რომლებმაც FT-86 ერთობლივად შეიმუშავეს, თავიდან ამ ავტომობილის მომცრო ვერსიის წარმოებას არც აპირებდნენ. ამასთან, FT-86-ის ფასი 20 000 დოლარის ფარგლებში უნდა მოქცეულიყო. მაგრამ გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც გამოაშკარავდა, რომ FT-86-ის შემუშავებასა და წარმოებისთვის მოსამზადებლად გაწეული ხარჯები დაგეგმილ ზღვარს მნიშვნელოვნად გასცდა. ეს კი ამ ავტომობილის ფასის ზრდას იწვევს.
”როუდ ენდ ტრეკის” ინფორმაციით, მომცრო სპორტქარი FT-86-ზე დაახლოებით 5 000 დოლარით იაფი, არაუმეტეს, 20 000 დოლარისა ეღირება. ამასთან, ისევე როგორც ”უფროს” ავტომობილზე, მასშიც ძრავი წინ განლაგდება, წამყვანი კი მასაც უკანა ბორბლები ექნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ”ტოიოტა” კუპე FT-86-ის წარმოებას მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს, ერთი წლის შემდეგ კი კონვეიერზე ამ ავტომობილის მომცრო ვერსიაც დადგება. ამასთან, ორივე ავტომობილს ”ტოიოტაც” და ”სუბარუც” თავ-თავიანთი მარკით გამოუშვებენ.
”ტოიოტა” FT-86-ით ჰეჩბეკ AE86-ის შეცვლას აპირებს. ახალი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია იაპონურმა კომპანიამ ტოკიოს ავტო შოუზე წარადგინა. ის აღჭურვილი იყო ”სუბარუს” წარმოების 2.0-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავით, რომლის სიმძლავრეც 200 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილის სიგრძე 4.0 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.52 მეტრია.
No comments:
Post a Comment