Audi A9 Hybrid Sports Sedan Concept by Daniel Garcia
21 მაისი
რასაც ამ სურათზე ხედავთ, დამოუკიდებელმა ესპანელმა დიზაინერმა დანიელ გარსიამ შეიმუშავა და მას ”აუდი A9” უწოდა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროექტს რამე საერთო აქვს გერმანულ კომპანიასთან. არადა, ეს ავტომობილი ”აუდის” ბავარიული ”ბეემვეს” პროექტ ”ვიჟნ ეფიციენტფაინემიქსისადმი” გაცემული შესანიშნავი პასუხი იქნებოდა.
არადა, როგორც ცოტა ხნის წინ, ”ბეემვემ” თავისი მე-5 სერიის GT-თი ფაქტობრივად ბაზრის ახალი ნიშა გახსნა, A9-საც თავისუფლად შეუძლია სრულიად ახალი ნიშია - ზე-ლუქსის კლასის, ჰიბრიდული სპორტული სედანების კლასის ნიშისთვის დასაბამის მიცემა. თუმცა, ასეთი ნიშა ფაქტობრივად უკვე არსებობს და მასში ”პორშე პანამერა” და ”ასტონ მარტინ რეპიდი” ”თარეშობენ”.
გარსია ამბობს, რომ თავის შედევრზე მუშაობისას, შთაგონების წყაროდ სახელოვან არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას მიერ ვალენსიაში აშენებული შენობები გამოიყენა. ამასთან, პროექტში ლაპარაკია ჯერაც შეუმუშავებელ ნანოტექნოლოგიურ მასალაზე, რომელიც თავისით მყარდება და იმ ფერს ღებულობს, რომელიც გარემოს შეესაბამება.
რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი მხოლოდ გარემოსადმი მეგობრული ძალური დანადგარით შეიძლება იყოს აღჭურვილი. მაგრამ სანამ ასეთი ტექნოლოგიები მასობრივ წარმოებაში დამკვიდრდება, ”აუდის” შეუძლია, რომ A9 ბენზინის, ან დიზელის ძრავით აღჭურვოს. ამასთან, გარსია არც ჰიბრიდულ დანადგარზე იტყოდა უარს, რომელშიც ბენზინის ძრავი და ბორბლებში მოთავსებული ელექტროძრავები უნისონში იმუშავებდა.
No comments:
Post a Comment