”ტესლა” და ”ტოიოტა” პარტნიორები ხდებიან
Tesla to make electric vehicles with Toyota, buy NUMMI
21 მაისი
ელექტრომობილების მწარმოებელი კალიფორნიული კომპანია ”ტესლა მოტორსი” და მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი, იაპონური ”ტოიოტა მოტორი” თანამშრომლობას იწყებენ. ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ელექტრომობილებს, რომლებსაც კალიფორნიის ქალაქ ფრიმონში მდებარე ქარხანა NUMMI-ში (ნიუ იუნაიტიდ მოტორ მენიუფექჩურინგ ინკორპორეიტიდ) დაამზადებენ.
ეს ქარხანა არცთუ დიდი ხნის წინ, ”ტოიოტას” და ”ჯენერალ მოტორსის” ერთობლივი საკუთრება იყო და ის ორივე კომპანიისთვის ერთსადაიმავე მოდელებს სხვადასხვა მარკით (ტოიოტას და პონტიაკის) აწარმოებდა. მაგრამ შარშან ამერიკულმა კომპანიამ თავის წილზე უარი თქვა, რის შემდეგაც, ”ტოიოტამ” ქარხნის შენარჩუნება არ ისურვა და დახურა.
მოდელ S
..........................
ახლა კი, იაპონურ კომპანიასთან დადებული გარიგებით, ”ტესლა” NUMMI-ს ქარხანას შეისყიდის და მასში 1 000-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოდელების წარმოებას აპირებს ამ ქარხანაში ”ტესლა”. სავარაუდოდ, ეს ელექტრული სედანი იქნება.
მცირე ზომის კალიფორნიული კომპანიის ბიზნესში ”ტოიოტა” 50 მილიონ დოლარს დააბანდებს. სამაგიეროდ, როდესაც ”ტესლა” საფონდო ბირჟაზე თავის აქციებს გაიტანს, იაპონური კომპანია მის საკონტროლო პაკეტს დაეუფლება. გარდა ამისა, ორივე კომპანია ახალი მოდელების შემუშავებისას მჭიდროდ ითანამშრომლებს.
ამ თანამშრომლობისას, ”ტესლა” შეუზღუდავად ისარგებლებს ”ტოიოტას” საინჟინრო რესურსებით და მისთვის იაპონური კომპანიის მიმწოდებელთა ბაზაც გახსნილი იქნება. სამაგიეროდ, ”ტოიოტა” თავისი ახალი პარტნიორისგან, ელექტრომობილების შემუშავების საკითხში, დიდ გამოცდილებას გაიზიარებს. სხვათა შორის,თავისი ჰიბრიდული მოდელებისთვის, იაპონური კომპანია ჯერაც მოძველებულ, ნიკელ-მეტალ-ჰიდრიდულ აკუმულატორებს იყენებს, როცა ”ტესლამ” თავიდანვე უფრო თანამედროვე, ლითიუმ-იონურ ელემენტებზე გააკეთა აქცენტი.
”ათწლეულების წინ, ”ტოიოტამაც” მოღვაწეობა სარისკო საქმით დაიწყო. დღეს ჩვენ კიდევ ერთ რისკიან საქმეს ვეკიდებით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმეში ჩვენს ქარხნებში დასაქმებულთა გამოცდილება და შრომისმოყვარეობა დაგვეხმარება”, - ამბობს ”ტოიოტას” პრეზიდენტი აკიო ტოიოდა.
”ტესლას” მთავარი აღმასრულებელი ელონ მუსკი ამბობს, რომ NUMMI-ს ქარხნის ელექტრომობილების წარმოებისთვის მოსამზადებლად, მის კომპანიას ასეულობით მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს. ამისთვის კი ის იმ 465 მილიონი დოლარის გამოყენებას აპირებს, რომლებიც აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტისგან, შეღავათიანი სესხის სახით მიიღო. რა თქმა უნდა, ამ თანხის ნაწილს კომპანია ელექტრულ სედან S-ის შემუშავებისთვის გამოიყენებს. ქარხნის მოდერნიზებისთვის, ”ტესლა” ასევე გამოიყენებს იმ 20 მილიონ დოლარს, რომელიც შტატ კალიფორნიისგან მიიღო.
მუსკი არ ამბობს, თუ რა დაუჯდა დახურული ქარხნის შეძენა. სამაგიეროდ, აზუსტებს, რომ მოდელ S-ის წარმოება 2012 წელს დაიწყება. ამასთან, კომპანია ამ მოდელს წლიურად 20 000 ცალს დაამზადებს. მოგვიანებით კი ”ტესლას” საწარმოო პროგრამაში ახალი მოდელებიც გამოჩნდება, რომლებსაც ასევე NUMMI-ს ქარხანა გამოუშვებს.
”ეს უზარმაზარი ქარხანაა, რომელშიც ჩვენ მხოლოდ ერთ კუთხეს დავიკავებთ”, - ამბობს მუსკი და დასძენს, რომ მართალია, თავიდან მისი კომპანია ამ ქარხნის შესაძლებლობების მხოლოდ მინიმუმს გამოიყენებს, მაგრამ სამოდელო გამის გაფართოებასთან ერთად, წარმოების მოცულობაც გაიზრდება და საბოლოოდ, ასეულობით ათასს მიაღწევს. პროექტში დასაქმებულთა რაოდენობა კი 10 000-ს (ამ რიცხვში, მიმწოდებელ კომპანიებში ”ტესლას” პროექტთან დაკავშირებულ თანამშრომელთა რაოდენობაცაა გათვალისწინებული) მიაღწევს.
ამჟამად ”ტესლა” ორადგილიან ელექტრულ როდსტერს აწარმოებს, რომლის ფასიც 100 000 დოლარია. რაც შეეხება სედან ”მოდელ S-ს”, მისი ფასი 40 000 დოლარი იქნება.
რაც შეეხება ”ტოიოტას”, ეს კომპანია აქამდე აქცენტს ჰიბრიდულ მოდელებზე აკეთებდა და ელექტრომობილებისადმი ინტერესს ფაქტობრივად არ ავლენდა. მაგრამ როგორც ჩანს, მისი პოზიცია შეიცვალა და სავარაუდოდ, ”ტესლასთან” თანამშრომლობის შედეგად, ელექტრომობილები მის სამოდელო გამაშიც მალე გამოჩნდება...
No comments:
Post a Comment