გორდონ მარიმ ჯუჯა T25-ის გამოცდა დაიწყო
Murray T25
3 მაისი
ფორმულა 1-ში სახელმოხვეჭილ ბრიტანელ ინჟინერ გორდონ მარის ინჟინირინგულმა კომპანია ”გორდონ მარი დიზაინმა”, თავისი რევოლუციური ავტომობილის, სამადგილიან ჯუჯა T25-ის საგზაო გამოცდები დაიწყო. ავტომობილი, რომელიც ”სმარტზე” გაცილებით პატარაა, ტესტირებას სარეის საგრაფოში, კომპანიის შტაბ-ბინის სიახლოვეს გადის. ტესტირების დროს, მისთვის გადაღებული პირველი ფოტო ხელში ინგლისურმა ჟურნალმა ”ავტოქარმა” ჩაიგდო.
ცნობისათვის, გორდონ მარის ფორმულა 1-ში რამდენიმე საინტერესო პროექტი აქვს შესრულებული. მანვე დააპროექტა ”მაკლარენის” ლეგენდარული სუპერ ავტომობილი F1, რომელსაც დინამიკური მახასიათებლებით ბევრი ახლაც ვერ შეედრება. ის ამჟამად საქალაქო ულტრაკომპაქტური ავტომობილის შესაქმნელად მუშაობს, რომლის წარმოების ლიცენზიასაც რომელიმე დიდ კიმპანიას მიჰყიდის. გარდა ამისა, მას წარმოების ახალი სტილი აქვს შემუშავებული, რომლითაც საწარმოო და ენერგიის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაა შესაძლებელი.
სამადგილიანი T25-ის ბაზა ”სმარტ ფორთუსა” და ”ტოიოტა iQ-საზე” მოკლეა. სამაგიეროდ, მის სალონში მეტი ადგილია. აქ მძღოლს ცენტრალური ადგილი უკავია, ორი მგზავრი კი მის გვერდებზე და ოდნავ უკან თავსდება (როგორცF1-ში). საკმაოდ მოზრდილია საბარგულის ადგილი, სადაც რამდენიმე მოზრდილი ჩანთის მოთავსება შეიძლება. ამასთან, თუ სავარძლები დაიკეცება, საბარგულის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ჯუჯა ავტომობილი სულ რაღაც 650 კილოგრამს იწონის. ბენზინის ძრავი, რომლის მუშა მოცულობაც 660 კუბური სანტიმეტრია, უკანა ნაწილში თავსდება და უკანა ბორბლებს ამუშავებს. ძრავის მაბრუნ მომენტს 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს.
შიდაწვისძრავიანი ავტომობილის გარდა, მარის კომპანია T25-ის ელექტრულ ვერსიასაც (T27-ს) ამზადებს, რომლის ტესტირებასაც წელსვე დაიწყებს. ამ ავტომობილზე ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკს გამოიყენებენ, რომლის ტევადობაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ T27-მა ერთი სრული დამუხტვით 100 კილომეტრის გავლა შესძლოს. აკუმულატორების სრულ დამუხტვას კი 4 საათი დასჭირდება.
ამ ორი ავტომობილის ტესტირებისთვის 14 თვეა გამოყოფილი, მათი სერიული წარმოება კი ორი წლის შემდეგ დაიწყება.
No comments:
Post a Comment