”პუ-პა” - მომავლის ელექტრომობილი იაპონიიდან
Teijin Electric Vehicle Concept Presented in Japan
3 მაისი
ელექტრომობილების თემა მსოფლიო ავტოინდუსტრიაში სულ უფრო პოპულარული ხდება. მართალია, მათი წარმოება ჯერ არავის დაუწყია, მაგრამ ამ მიმართულებით კვლევების ჩატარებას ხელს არაფერი უშლის. და იქმნება უამრავი კონცეპცია, რომელთა დიდი ნაწილი კონვეიერზე ალბათ ვერასდროს მოხვდება, ზოგში გამოყენებულ იდეებს კი ალბათ მალე სერიულ ავტომობილებზე ვიხილავთ.
ერთ-ერთი ასეთი ქმნილება ახლახანს საზოგადოებას იაპონურმა კომპანია ”ტეიძინმა” წარუდგინა. კონცეპტუალურ ავტომობილს სახელად ”პუ-პა EV” (ელექტრომობილი პუპა) უწოდეს. მისი დამზადებისას, ინჟინრებმა ფართოდ გამოიყენეს ისეთი მსუბუქი მასალები, როგორებიცაა ნახშირბადის კომპოზიტი, პოლიკარბონატული ფისები და ბიო-ნედლეულიდან მიღებული პოლიესტერი. ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ ”პუპა” მხოლოდ 437 კილოგრამს იწონის.
ეს კონცეპტუალური ელექტრომობილი მხოლოდ იმის სადემონსტრაციოდ შეიქმნა, რომ დაგვენახა, როგორი შეიძლება იყოს მომავლის ელექტრომობილები. ”პუპა” გვიჩვენებს, რომ ელექტრომობილებისადმი მთავარი მოთხოვნა კომპაქტურობა და სიმსუბუქე იქნება. რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება დაეთმობა იმას, რომ წარმოებისას გადამუშავებადი მასალები გამოიყენონ.
”პუპა-ს” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 60 კმ/სთ-ია (ურბანულ ელექტრომობილს მეტი არც სჭირდება), მისი სვლის სიშორე კი 100 კმ - ქალაქში გამოყენებისთვის მეტი საჭირო არცაა. მისი მზიდი ტანი და ძარა კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, ფანჯრებისთვის კი შუშის ნაცვლად, პოლიკარბონატული ფისი გამოიყენეს. შედეგად, ფანჯრების წონა განახევრდა.
ავტომობილის დამზადებისას, ბევრი ეკოლოგიურად სუფთა მასალაც გამოიყენეს. მაგალითად, ინტერიერში ბევრი ისეთი დეტალი შეგხვდებათ, რომლებიც ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულისგანაა ნაწარმოები. ასეთ მასალებს შორის კი ყველაზე უნივერსალური პოლიესტერია, რომლისგანაც სავარძლები, სახურავის საიზოლაციო შრე და სხვა ნაწილები დაამზადეს.
”ტეიძინმა” კონცეპტუალური ელექტრომობილი ტოკიოში, თავისი შტაბ-ბინის სიახლოვეს მდებარე საკუთარივე სტუდიის შოურუმში გამოფინა, რომელსაც იაპონური კომპანია თავისი ინოვაციური ტექნოლოგიების საჩვენებლად იყენებს ხოლმე.
ცნობისათვის, ”ტეიძინის” ჯგუფის საქმიანობა ინდუსტრიის ოთხ სფეროს მოიცავს. ესენია: ავტომობილები და თვითმფრინავები, ინფორმატიკა და ელექტრონიკა, მედიცინა და ეკოლოგიური ტექნოლოგიები.
No comments:
Post a Comment