”ფოლკსვაგენი” ”ახალი ხოჭოს” წარმოებას აჩერებს
VW to Stop New Beetle's Production
3 მაისი
”ფოლკსვაგენი” ადასტურებს, რომ მალე გააჩერებს ”ახალი ხოჭოს” (სურათზე) წარმოებას. წლის ბოლოს კი, ლოს ანჯელესის საავტომობილო გამოფენაზე, მეორე თაობის ”ახალ ხოჭოს” გვიჩვენებს. იმავდროულად, გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ”ახალი ხოჭოს” მარაგი ჯერაც არსებობს და რომ მასზე შეკვეთების მიღება კვლავაც გაგრძელდება.
”დილერების სადგომებზე ჯერაც საკმაოდ ბევრი”ახალი ხოჭოა” შემორჩენილი. ასე რომ, ამ მარაგების ამოწურვამდე, მსურველებს მისი შეძენის საშუალება ექნებათ”, - ამბობს ”ფოლკსვაგენის” ავსტრალიური შტოს წარმომადგენელი. ვოლფსბურგული გიგანტის ამერიკული შტოს შეფი სტეფან ჯეკობი კი დასძენს, რომ მეორე თაობის ”ახალი ხოჭო” ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება.
ამერიკულ გამოცემა ”აუტოუიკის” ინფორმაციით, შემდეგი თაობის ”ახალი ხოჭო” ”ფოლკსვაგენის” ბენზინის 2.0-ლიტრიანი (ოთხცილინდრიანი) და 2.5-ლიტრიანი (ხუთცილინდრიანი - ეს ამერიკული ბაზრისთვის) ძრავებით აღიჭურვება. გარდა ამისა, ახალი ავტომობილისთვის ჰიბრიდული სისტემაც შემუშავდება, რომლის მთავარი აგრეგატიც 1.4-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატი იქნება.
შემდეგი თაობის ”ახალი ხოჭო” იმავე პლატფორმაზე აიგება, რომელსაც ვოლფსბურგელები ახალი ”ჯეტასთვის” ამზადებენ. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტო შოუზეა მოსალოდნელი. ახალი, დიდი პლატფორმა იმის მაუწყებელია, რომ ახალი ”ხოჭო” გაბარიტებშიც გაიზრდება და მისი დინამიკური მახასიათებლებიც გაუმჯობესდება.
ცნობისათვის, პირველი თაობის ”ახალი ხოჭო” ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა და ის მეოთხე თაობის ”გოლფის” პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც ასევე ”აუდი” თავისი TT-სთვის იყენებს. მოსალოდნელია, რომ ახალ ავტომობილს ევოლუციური დიზაინი ექნება, თუმცა ის ასევე რეტრო სტილსაც შეინარჩუნებს და ნაკლებად ”ქალური” გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ის 2005 წლის კონცეპტუალურ ”რაგსტერს” დაემსგავსება.
No comments:
Post a Comment