Wednesday, May 19, 2010

”Z სპაიდერ სტრადალე” – ”ბეემვეს” კონცეპცია ”ეფიციენტდაინემიქსის” ახალი სახელი

BMW Z Spyder Stradale, a New Face for EfficientDynamics

19 მაისი

”ბეემვეს” მომავალი უკეთეს აეროდინამიკასა და გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება, რის დასტურადაც, გასული წლის ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე, ბავარიელებმა საზოგადოებას თავიანთი მრავალპროფილიანი კონცეპცია ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსი” წარუდგინეს. გავიდა რვა თვე და გერმანულმა კომპანიამ ამ კონცეპციას სახელი და ფორმაც შეუცვალა - ამიერიდან მას ”Z სპაიდერ სტრადალე” ეწოდება.

ბავარიული კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენლის თქმით, ღია ავტომობილს, რომელიც ”Z სპაიდერ სტრადალეს” სახელს მიიღებს, უკან დაწეული სალონი, დაბლა განლაგებული მძღოლის სავარძელი და ძლიერ დახრილი საქარე შუშა ექნება. ამ ავტომობილის მზიდი სტრუქტურა ძირითადად ალუმუნის, მაგნეზიუმისა და ფოლადისგან აიწყობა. რაც შეეხება ძარას, აქ უფრო მეტი დეტალი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება.

ისევე როგორც ”ვიჟნ ეფიციენტდაინემიქსის” პროგრამის სხვა ავტომობილები (ასეთი ჯერ ერთია, თუმცა მალე მათი რიცხვი გაიზრდება), ”სპაიდერ სტრადალეც” სტოპ-სტარტ ტექნოლოგიითა და მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემით აღიჭურვება. გარდა ამისა, როგორც ინკოგნიტო ინფორმატორი ამბობს, ახალ ავტომობილზე რამდენიმე ახალი ტექნოლოგიის გამოყენებაც იგეგმება, რომლებიც პროგრამა ”აქტივ აეროდინამიკსის” ფარგლებში მუშავდება.

რაც შეეხება ძრავს, ბავარიელთა კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი საშუალო ან სრულფასოვან ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს, რომლებშიც ელექტროძრავები ამაჩქარებლის მოვალეობას შეასრულებს და ისინი ტრანსმისიასთან იქნება დაკავშირებული. გარდა ამისა, ამავე ავტომობილისთვის მუშავდება წყალბადის ფიჭური სისტემა.

რა თქმა უნდა, ”სპაიდერ სტრადალე” შიდაწვის ძრავებითაც აღიჭურვება. ტრადიციული ვერსიებისთვის კი ბავარიელები V8 ან V10 ძრავს გამოიყენებენ. სხვათა შორის, ათცილინდრიანი აგრეგატი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას პირველად შემდეგი თაობის M5-ზე დააყენებენ. ორივე შემთცხვევაში, ძრავს 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება, მომავალში კი მას 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეცვლის, რომელიც ძრავის მაბრუნ მომენტს ორმაგი ქურის მეშვეობით მიიღებს.

სხვათა შორის, ”ბეემვეს” მთავარ აღმასრულებელ ნორბერტ რაიტჰოფერს ასეთი ავტომობილის შექმნის იდეა მას შემდეგ აქვს, რაც 2005 წელს ამ თანამდებობაზე დაინიშნა. მას სურს, რომ ბავარიულმა კომპანიამ სუპერ ავტომობილ Z10-ის წარმოებაც დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, ფრანკფურტის შარშანდელი გამოფენის წინ, პრესაში სწორედ ეს ინფორმაცია გავრცელდა.

No comments:

Post a Comment