”ფოლკსვაგენი” ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” შეძენას აპირებს
Volkswagen Plans Buying Italdesign Giugiaro
19 მაისი
გამოცემა ”ავტომოტივ ნიუს იუროპის” ინფორმაციით, ”ფოლკსვაგენი” უდიდეს იტალიურ სადიზაინერო და ინჟინირინგულ ფირმა ”ჯუჯაროს” აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას აპირებს. მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება, თუმცა ამ ეტაპზე, ”ფოლკსვაგენიც” და ”იტალდიზაინიც” ამ თემაზე კომენტარებისგან თავს იკავებენ.
”ფოლკსვაგენის” მიზანია, 2018 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდეს. ამასთან, იმ დროისთვის მისი წარმოების წლიური მოცულობა 10 მილიონს უნდა მისწვდეს. ამ მიზნების მისაღწევად კი, ვოლფსბურგელებს მეტი გამოცდილი ინჟინერი და დიზაინერი ესაჭიროებათ. ამ ნიშის შევსება კი მათთვის ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” შეუძლია.
ცნობისათვის, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი კომპანიები (ფოლკსვაგენი, აუდი, შკოდა, სეატი, ლამბორგინი, ბენტლი, ბუგატი და ფოლკსვაგენის კომერციული ავტომობილების მწარმოებელი შტო) წელს 60 ახალი და განახლებული ავტომობილის გამოშვებას გეგმავენ.
”იტალდიზაინ ჯუჯარო” 1968 წელს დააარსა ჯორჯეტო ჯუჯარომ. კომპანიაში დღეისათვის 975 ადამიანი მუშაობს, რომლებიც თავიანთი საქმისთვის, სადიზაინერო პროგრამებით აღჭურვილ 800 ცალ კომპიუტერს იყენებენ. ფირმის მთავარი ოფისი ტურინის სამხრეთით, 16 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ მონკალიერიში მდებარეობს. იქვეა განლაგებული მთავარი საწარმოც.
დღეისათვის ”იტალდიზაინი” მთლიანად ჯორჯეტო ჯუჯაროს და მის შვილ ფაბრიციოს ეკუთვნით. უფროსი ჯუჯარო თავისი ფირმის მთავარი აღმასრულებელია, ფაბრიციო კი დიზაინისა და მოდელირების განყოფილებას განაგებს. ამ ეტაპზევე ცნობილია, რომ თუ ”ფოლკსვაგენი” ”იტალდიზაინს” დაეუფლება, ჯუჯაროები თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
წლების განმავლობაში, ”ფოლკსვაგენს” და ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. იტალიურმა ფირმამ გერმანული გიგანტისა და მის ჯგუფში შემავალი ბრენდებისთვის შეიმუშავა ისეთი მოდელების დიზაინი, როგორებიცაა: პირველი თაობის ”გოლფი” (სურათზე), პირველი თაობის ”სკიროკო”, პირველი თაობის ”პასატი”, ”აუდის” მოდელები 80 და 100, ასევე 1991 წლის ”სეატ ტოლედო” და 1993 წლის ”სეატ იბისა”.
No comments:
Post a Comment