Monday, June 28, 2010

”ბეემვე” ნულოვან სერიაზე მუშაობს

BMW 0 Series in the Works

28 ივნისი

სუბკომპაქტური და ჯუჯა ავტომობილების წარმოება თანდათან პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებლებისთვისაც სერიოზული ”გასართობი” ხდება. ჯერ იყო და ”დაიმლერმა” ”სმარტის” წარმოება დაიწყო, შემდეგ ამავე კლასის ავტომობილის წარმოების გეგმებზე ”აუდიმ” განაცხადა, ”ასტონ მარტინმა” კი ”ტოიოტას” IQ-ს წარმოების ლიცენზია მიიღო და მის ბაზაზე მალე ჯუჯა ”სიგნიტის” წარმოებას დაიწყება.

კონკურენტების უქმად შემყურე არც ”ბეემვეა”, რომელიც უკვე დიდი ხანია, პროექტ i-ზე მუშაობს, რომელიც საქალაქო მინიავტომობილ ”მეგასიტის” წარმოებას ითვალისწინებს. სულ ახლახანს, ბავარიელება გამოაცხადეს, რომ ამ ავტომობილსაც საკუთარი ბრენდით გამოუშვებენ. არადა, კარგა ხანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თავისი მინი ავტომობილებისთვის ბავარიელები ახალი ბრენდის შემუშავებას, ან სახელ ”იზეტას” აღდგენას აპირებდნენ.

ამ ავტომობილით, რომელიც ბაზარზე 2012 წელზე ადრე არ გამოჩნდება, ”ბეემვემ” კონკურენცია ”აუდის” A1-ს და ”მერსედეს ბენცის” A-კლასს უნდა გაუწიოს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 2012 წელს ბავარიელები ნულოვანი სერიის შექმნის განცხადებას გამოაქვეყნებენ და მათი პირველი სუბკომპაქტი სწორედ ამ სერიიდან იქნება.

სხვათა შორის, ამას წინათ, ბავარიული კომპანიის მარკეტოლოგებმა შექმნეს სარეკლამო ვიდეოკლიპი, რომელზეც მათი კომპანიის ჩინური საქმიანობაა ასახული. ამ კლიპის მე-19 წამზე, კადრში ჩნდება გამოსახულება, სადაც დიზაინერი ”ბეემვეს” სრულიად ახალი ავტომობილების ესკიზების ფონზე მუშაობს (სურათზე). ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ესკიზებზე სწორედ მომავალი ნულოვანი სერიის ავტომობილი ჩანს.

იმავე ინფორმაციის თანახმად, ახალი ავტომობილი დაახლოებით ”ფორდ ფიესტას” ზომის იქნება. რა თქმა უნდა, მას წინა წამყვანი ბორბლები უნდა ჰქონდეს. და ეს ”ბეემვესთვის” დიდი სიახლე იქნება, რომელიც კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმა უკვე დაადასტურა.

ნულოვანი სერიის მოდელი შეავსებს ნიშას ”მინისა” და 1-ლი სერიის მოდელს შორის და ის შემდგომი თაობის ”მინის” პლატფორმაზე აიგება. გავრცელებული ინფორმაციით, ნულოვანი სერიის მოდელები სამ და ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარებით აღიჭურვება. რაც შეეხება ძრავებს, მასზე იმ აგრეგატებს გამოიყენებენ, რომლებიც პროექტ ”მეგასიტის” ფარგლებში მუშავდება. ეს იქნება როგორც ბენზინსა და დიზელზე, ასევე ელექტროენერგიაზე მომუშავე ძრავები.

No comments:

Post a Comment