Monday, June 28, 2010

”ყალყზე შემდგარი კვიცების” დიდი გეგმები

New Prancing Horses Rollout Plan

28 ივნისი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიურ კომპანია ”ფერარის” დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ”კვიცებმა” უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი სამოდელო გამის განახლების პროგრამა. ამჯერად კი, გამოცემა ”მოტორ ტრენდთან” საუბრისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ამადეო ფელისამ განაცხადა, რომ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ, კომპანია განცხადებას ყოველწლიურად გააკეთებს.

დღეისათვის მარანელოელების საწარმოო პროგრამაში ოთხი ძირითადი მოდელი შედის. ამათგან ორი GT კლასს (გრან ტურიზმო) მიეკუთვნება - ესენია ”კალიფორნია” და ”612 სკალიეტი”. ორი კი ექსტრემალური მოდელია - 458 და 599. ყოველწლიურად, ამ მოდელებიდან ერთ-ერთი ან განახლდება, ან მთლიანად შეიცვლება. განახლების (რესტაილინგის) შემთხვევაში, ავტომობილის სახელწოდებაში გამოჩნდება ასო М, რაც მოდიფიცირებულს ნიშნავს.

მოდელები მაშინ განახლდება, როდესაც მათ ოთხი წელი შეუსრულდებათ. ცვლილებები საბაზო მოდელთან შედარებით, იქნება როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური. კიდევ ოთხი წლის შემდეგ კი მოდელი ახალი ავტომობილით შეიცვლება. პარალელურად, მარანელოელები თავიანთი ძირითადი მოდელების დამატებით ვერსიებს - ”სკუდერიასა” და ”სპაიდერს” გამოუშვებენ. დაკიდევ, ”ფერარი” დაიტოვებს თავისი პროგრამის ბრილიანტს - მოდელ ”ენცოს”, რომელსაც განახლება 10 წელიწადში ერთხელ მოუწევს.

ჩამოთვლილი ოთხეულიდან, პირველი ”612 სკალიეტი” შეიცვლება. მერმისს მას შეცვლის მისი მომდევნო თაობის ავტომობილი, რომელიც ახლანდელზე უფრო დიდი და მძლავრი იქნება. ამასთან, ის ორადგილიანი დარჩება. შემდეგ მოდელ 599-ის ჯერ დადგება, რომელსაც ასევე მთლიანად შეცვლა უწევს.

რაც შეეხება ჰიბრიდულ აგრეგატებს, ფელისა დარწმუნებულია, რომ ”ფერარის” ასეთი აგრეგატები არ სჭირდება, მაგრამ ის იმასაც აცნობიერებს, რომ ახალი ევროპული სტანდარტების შემოღების შემდეგ, საწვავის ეკონომიასა და გარემოს ნაკლებად დაბინძურებაზე ზრუნვა მის კომპანიასაც მოუწევს. მაგრამ, ჰიბრიდული მოდელები ”ფერარის” საწარმოო პროგრამაში ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება. პირველი კი ასეთ სისტემას მოდელი 599 მოირგებს, რომლის ჰიბრიდული ვერსია ”HY-კერსიც” ჟენევის გამოფენაზე ვიხილეთ. სამომავლოდ, ”ფერარი” V6 და V8 ტურბოკომპრესორიანი ძრავების წარმოებასაც აპირებს.

გარდა ამისა, ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო პირობას იძლევა, რომ მისი კომპანია ორიდან ერთ წლამდე შეამცირებს კლიენტების მოლოდინის პერიოდებს. მისი თქმით, ხანგრძლივი მოლოდინი უარყოფითად აისახება კომპანიის იმიჯზე. ამასთან, ასეთი მოლოდინის გამო, მათ შეიძლება არჩევანი კონკურენტი კომპანიების ავტომობილებზე შეაჩერონ, რაც მარანელოელებისთვის არასასურველია.

და, რაც მთავარია, ”ფერარი” არ აპირებს თავისი წარმოების მოცულობის გაზრდას და ეს ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებლის იმიჯის შესანარჩუნებლად ხდება. ამასთან, შეკვეთილი ავტომობილის მიწოდების ვადის შემცირება აწყობის ტემპის გაზრდის ხარჯზე მოხდება.

No comments:

Post a Comment