Monday, June 28, 2010

”ბენტლი” ”პორშე პანამერას” კონკურენტს გამოუშვებს

Bentley considers Panamera rival

28 ივნისი

”ბენტლის” ხელმძღვანელობა სრულიად ახალი მოდელის, ხუთკარიანი სპორტული ჰეჩბეკის წარმოების შესაძლებლობას განიხილავს, მოდელისა, რომლითაც ”პორშეს” პოპულარულ ხუთკარიან ჰეჩბეკ ”პანამერას” გაუწევს კონკურენციას. რაც მთავარია, ახალი ავტომობილი შემდეგი თაობის კონტინენტალის ბაზაზე აიგება.

ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოქარის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე ”ბენტლის” ხელმძღვანელობა ახალი ავტომობილის წარმოების დაწყების მიზანშეწონილებას განიხილავს. შესასწავლია, იქნება თუ არა მოთხოვნილება ”კონტინენტალის” ბაზაზე დამზადებულ ახალ ავტომობილებზე. ჯერჯერობით, ”ბენტლი” მოდელ ”კონტინენტალს” კუპეს, კაბრიოლეტისა და სედანის ძარებით უშვებს. და თუ ძარების არჩევანის გაზრდა გადაწყდა, არჩევანი პირველ რიგში, ჰეჩბეკზე შეჩერდება.

”ავტოქარის” ინფორმაციით, ახალი ”კონტინენტალის” შემუშავება ”ბენტლის” უკვე დაწყებული აქვს. სავარაუდოდ, ამ ავტომობილს სრულიად ახლებური გარეგნობა ექნება. ის ”აუდი A8-ს” შასიზე დადგება და მისგანვე მიიღებს პნევმატურ საკიდარს და სამუხრუჭე სისტემას. ”ბენტლის” ინჟინრები კი იმაზე იზრუნებენ, რომ ავტომობილმა წონაში დაიკლოს. ამასთან, ეს არ გაკეთდება კომფორტის შემცირების ხარჯზე. ხელუხლებელი დარჩება სრულამძრავიანი საკიდარი და ის ელემენტები, რომლებიც ავტომობილის მანევრულობას და მართვადობას აუმჯობესებს.

ახალი ”ბენტლი კონტინენტალი” ბენზინის მოდერნიზებული W12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 580 ცხენის ძალას მიაღწევს, მას კი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ავტომობილის ტოპ ვერსიებისთვის, ძრავის სიმძლავრე 650 ცხენის ძალამდე გაიზრდება. არაა გამორიცხული, რომ ახალი ”კონტინენტალი” უფრო სუსტი ძრავებით, ასევე V8 დიზელით და ჰიბრიდუი სისტემითაც აღიჭურვოს.

იმავე ”ავტოქარის” ინფორმაციით, ახალი ”კონტინენტალი” პირველად კუპეს ძარით გამოვა. სავარაუდოდ, ბაზარზე მისი გამოჩენა 2011 ან 2012 წელსაა მოსალოდნელი. შემდეგ დადგება ”ფლაინგ სპურის” ჯერი, მას კი კაბრიოლეტი და ტოპ ვერსია ”სპიდ” მოჰყვება.

No comments:

Post a Comment