Monday, June 28, 2010

გორდონ მარის ჯუჯა T.25 მზადაა

Gordon Murray T.25 City Car Makes Public Debut Today

28 ივნისი

ბრიტანულმა კომპანია „გორდონ მარი დიზაინმა“, რმელიც ფორმულა ერთის ყოფილ ინჟინერს, გორდონ მარის ეკუთვნის, სამადგილიან საქალაქო ჯუჯა ავტომობილ T25-ის პირველი ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა.

ავტომობილი მცირე გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 2.4 მეტრი, სიგანე 1.3 მეტრი, სიმაღლე კი 1.4 მეტრია. მის ბორბლებს შორის ბაზა კი თანამედროვე ჯუჯებზე - „სმარტ ფორთუსაზე“ და „ტოიოტა iQ-საზე“ მოკლეა. თუმცა T25-ის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი ჯუჯას სალონი უფრო მოზრდილი და კომფორტულია. რაც მთავარია, მასში იოლად ეტევა მძღოლი და ორი მოზრდილი მგზავრი.

ავტომობილის წონა სულ რაღაც 575 კილოგრამია, მობრუნების რადიუსი კი სულ რაღაც, 6 მეტრია. გამართული სავარძლების შემთხვევაში, საბარგულის მოცულობა 160 ლიტრია, სავარძლების დაკეცვის შემდეგ კი 720 ლიტრამდე იზრდება. ეს კი კომპაქტური ჰეჩბეკების საბარგულის მოცულობაზე გაცილებით მეტია.

T25-ს წინაც და უკანაც დამოუკიდებელი საკიდარები აქვს, მოძრაობაში კი ის 51-ცხენისძალიან სამცილინდრიან ძრავს მოჰყავს, რომლის მუშა მოცულობაც 660 კუბური სანტიმეტრია. ეს პატარა აგრეგატი ავტომობილის უკანა ნაწილში მდებარეობს, მასთან ხუთსაფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული. კომპანია ”გორდონ მარი დიზაინის” მონაცემებით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად ამ ჯუჯას 16.2 წამი ესაჭიროება, მაქსიმალური სიჩქარე კი 145 კმ/სთ-ს აღწევს. ამასთან, საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 3.8 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ძრავი ატმოსფეროში 86 გრამ СO2-ს გამოჰყოფს.

”მარი T25-ის” საბაზო კომპლექტაციაში შევა მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, ტრექშნ კონტროლი, სტაბილიზაციის სისტემა და უსაფრთხოების ბალიში. მოგვიანებით, გორდონ მარის კომპანია ამ ავტომობილის ბაზაზე ელექტრომობილსაც დაამზადებს, რომელიც აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით 100 კილომეტრს გაივლის, აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი 4 საათი იქნება საკმარისი.

სავარაუდოდ, ამ ჯუჯას სერიული წარმოება უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება, მაგრამ გორდონ მარის კომპანია მის წარმოებას თავად არ აპირებს. ის მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან აწარმოებს. უფრო მეტიც, გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ T25-ის ქარხანა ბრიტანეთში აშენდება.

No comments:

Post a Comment