Friday, July 2, 2010

დაახლოებით იქნება ”ბეემვე მეგასიტი”

BMW Megacity: first official pics

2 ივლისი

ბრიტანულმა ჟურნალმა ”ავროქარმა” გამოაქვეყნა ”ბეემვეს” საქალაქო ელექტრომობილის ფოტოები და მის შესახებ მცირე ინფორმაცია. ჟურნალის ცნობით, ავტომობილს, რომლის პირობითი სახელწოდებაა ”მეგა სიტი ვიჰაიქლ”, ანუ MCV, 4 დასაჯდომი ადგილი ექნება, მისი გაყიდვები კი 2013 წელს დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს ბავარიულმა კომპანიამ გამოაცხადა, პროექტ ”მეგასიტის” მიხედვით შექმნილ ავტომობილს საკუთარი ბრენდით გავყიდიო, ”ავტოქარი” ირწმუნება, რომ ამ ელექტრომობილისთვის გერმანული კომპანია სუბ ბრენდს შექმნის.

”ავტოქარის” ინფორმაციით, მცირეგაბარიტიანი ელექტრომობილი 100-კილოვატიანი (ეს დაახლოებით 134 ცხენის ძალაა) ელექტროძრავით აღიჭურვება, რომლის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტსაც უკანა წამყვანი ბორბლები მიიღებს. ამასთან, შემდგომში შეიძლება ბავარიელებმა ”მეგასიტის” ბაზაზე, გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ჰიბრიდიც გამოუშვან, რომელშიც კომპაქტური შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი, აკუმულატორების დასამუხტად იმუშავებს.

”მეგასიტის” ძარა კარბონის კომპოზიციური მასალისგან დამზადდება. ძარას ისეთივე სიხისტე ექნება, როგორც ფოლადისას ექნებოდა. სამაგიროდ, ის ალუმინის ანალოგიურ სტრუქტურაზე დაახლოებით 50 პროცენტით მსუბუქი იქნება. ”ბეემვეში” ”მეგასიტის” ძარის არქიტექტურას რევოლუციურს უწოდებენ.

ბავარიელები თვლიან, რომ პრემიუმ სეგმენტში მომავალში წარმატებას ის კომპანიები მიაღწევენ, რომლებიც თავიანთი ავტომობილების წარმოებისას, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. ასეთი ტექნოლოგიები კი მეტალზე გაცილებით ეფექტურიც იქნება, ეკონომიურიც და გარემოსადმი მეგობრულიც.

”მეგასიტისთვის” კარბონის ნაწილების საწარმოებლად, ”ბეემვემ” ამ საქმეზე სპეციალიზებულ კომპანია SGL-სთან ერთად, ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბა. კიდევ ერთი ერთობლივი პროექტით, ბავარიელები ”ბოშთან” და ”სამსუნგთან” ერთად, ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს გამოუშვებენ.

ცნობისათვის, სხვა კომპანიებთან ”ბეემვეს” კოოპერაცია ამით არ შემოიფარგლება - გერმანული კომპანია მალე პარტნიორულ ურთიერთობას ჩინურ ”ბრილიანს ავტომოტივთან” დაიწყებს, რისი მიზანიც, კიდევ ერთი ელექტრომობილის შემუშავებაა.

No comments:

Post a Comment