Friday, July 2, 2010

”ტესლა როდსტერ 2.5 - ოფიციალური დებიუტი

Tesla Roadster 2.5 Official Pictures and Info

2 ივლისი

კალიფორნიულ კომპანია ”ტესლას”, რომელიც ელექტრომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული, ძალიან წარმატებული პერიოდი აქვს - კომპანიამ ახლახანს გამოუშვა თავისი აქციები და პირველსავე დღეს, მათი გაყიდვით, 226 მილიონი დოლარი მიიღო, უკვე მეორე დღეს კი აქციების ფასი 40.5 პროცენტით გაიზარდა.

ამ დღეებშივე, გუდვუდის (ბრიტანეთი) სიჩქარის ფესტივალზე, კომპანიის ერთადერთი მოდელის, ელექტრომობილ ”როდსტერ 2.5-ის” განახლებული ვერსიის დებიუტი შედგა. ამასთან, გუდვუდშივე, ”ტესლას” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ელექტრული სედანი ”მოდელ S” უკვე შემუშავებულია და ის ახლა სრულყოფის ფაზაში იმყოფება.

განახლებულ ”როდსტერს” სიახლეები ვიზუალურადაც ეტყობა და ისინი ძარის შიგნითაცაა და ავტომობილის ტექნოლოგიურ მხარეს ეხება. კერძოდ, ახალია წინა ბამპერი, რომელსაც გვერდებზე ორი სავენტილაციო ჰაერის ამღები ”ლაყუჩი” აქვს. შეიცვალა ბამპერის ქვეშ მოთავსებული ფალსრადიატორის ბადის ფორმა. შეცვლილია უკანა ბამპერიც, რომელთანც დაკავშირებულია უკანა დიფუზორი.

სიახლეებია სალონშიც. კერძოდ, შეიცვალა სავარძლები, რომლებიც მწარმოებლის ინფორმაციით, წინებზე გაცილებით კომფორტულია, თუმცა ესეც სპორტული სტილისაა. ამიერიდან სალონის გასაწყობად ახალი, ძვირფასი მასალები გამოიყენება, მყიდველის სურვილის შემთხვევაში კი სალონში უკანა ხედვის კამერასაც დააყენებენ. ცენტრალურ კონსოლზე შვიდდუიმიანი მონიტორი დააყენეს, რომელზეც სანავიგაციო სისტემის პარამეტრების გამოტანაა შესაძლებელი.

ისევე როგორც მის წინამორბედს, განახლებულ სპორტულ ელექტრომობილსაც მყიდველს ორ ვერსიად (როდსტერ და როდსტერ სპორტ) შესთავაზებენ. ორივე შემთხვევაში, ავტომობილი 288-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი< თუმცა ”სპორტის” ვარიანტში მას უფრო მეტი მაბრუნი მომენტი აქვს. ასეთი ვერსია ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.7 წამში ავითარებს, რაც საბაზო ”როდსტერის” აჩქარებაზე 0.2 წამით ნაკლებია. დაბოლოს, ორივე ვერსიის შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია.

ელექტროძრავი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან იკვებება, რომლის 240-ვოლტიანი შტეპსელიდან სრულად დამუხტვასაც 3.5 საათი სჭირდბა. ელექტრომობილის სვლის სიშორე კი 390 კილომეტრია.

”ტესლას” მიერ გუდვუდში გამოქვეყნებული ინფორმაციით, მის მიერ 1200 ელექტრომობილს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანში უკვე გამოუჩნდა მყიდველი.

No comments:

Post a Comment