Friday, July 2, 2010

”მერსედეს ბენცმა” კუპე CL კლასი განაახლა

Mercedes-Benz CL-Class Facelift

2 ივლისი

”მერსედეს ბენცმა” თავისი პოპულარული კუპეს, CL კლასის განახლებული ვერსიის პირველი ფოტოები და მის შესახებ მწირი ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. შტუტგარტული კომპანიის ახალი წესის შესაბამისად, განახლებული ავტომობილის სახელი S-კლასის კუპე უნდა ყოფილიყო, თუმცა ამჯერად ეს წესი დაირღვა და მას ამ ავტომობილზე ახალი თაობის მოდელის გამოშვების შემდეგ გამოიყენებენ.

წინამორბედისგან განახლებულ ავტომობილს გარეგნულად რამდენიმე ელემენტი განასხვავებს. მაგალითად, რადიატორის ბადე, მთავარი ფარები, რომლებსაც შუქდიოდების სექციები აქვს და ოდნავ შეცვლილი წინა ბამპერი, რომლის ქვედა ნაქილშიც ასევე შუქდიოდური ნისლსაწინააღმდეგო ფარებია ჩასმული. უკანა ნაწილში უკანა ფარები, საბარგულის სახურავი და გამოსაბოლქვი მილები შეიცვალა. ამ უკანასკნელს ამიერიდან ოთხკუთხა ფორმა ექნება.

CL კლასის განახლებული კუპე აღჭურვილია ბენზინის ახალი 4.7-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8 ძრავით (ბლიუდირექტ), რომელთანაც მოდერნიზებული 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული. ტრანსმისიასთან უნისონში მოქმედებს სისტემა სტოპ-სტარტი და მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა.

ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 429 ცხენის ძალაა, რაც 12 პროცენტით მეტია წინამორბედი აგრეგატის (5.5-ლიტრიანი V8) მაქსიმუმზე. ამასთან, წინა ძრავი, რომლის სიმძლავრეც 382 ცხენის ძალაა, 10-15 პროცენტით მეტ საწვავსაც მოიხმარს და ატმოსფეროში დაახლოებით 23 პროცენტით მეტ CO2-ს გამოჰყოფს. ახალი აგრეგატით, CL500/CL550 (მეორე ვერსია ამერიკული ბაზრისთვისაა) 4მატიკი 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.9 წამში კრეფს, რაც წინა მოდელის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.5 წამით ნაკლებია.

მომავალში, CL კლასის კუპე ასევე აღიჭურვება 5.5-ლიტრიან V12 ორ ტურბოიან ძრავს (ვერსია CL600), რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 510 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატით, ლუქსის კლასის კუპეს 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.5 წამი ეყოფა. ორივე ძრავის შემთხვევაში, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ხელოვნურად იქნება შეზღუდული 250 კმ/სთ-ით.

იმ მყიდველებისთვის, რომლებსაც მეტი ცხენის ძალა და კომფორტი უნდათ, მოგვიანებით, შტუტგარტელების პარტნიორი და მათსავე მფლობელობაში მყოფი კომპანია AMG ორ ახალ - CL63 AMG და CL65 AMG მოდელებს დაამზადებს.

CL კლასის განახლებული კუპეს მსოფლიო პრემიერა პარიზის საავტომობილო გამოფენაზე ჩატარდება, რის შემდეგაც შტუტგარტელები მასზე შეკვეთების მიღებას დაიწყებენ.

No comments:

Post a Comment

Post a Comment