Monday, September 20, 2010

”ბეემვეს” მე-6 სერიის კუპე პარიზული დებიუტისთვის ემზადება

BMW 6 Series Coupe Concept Released

20 სექტემბერი

პარიზის საავტომობილო გამოფენაზე, ”ბეემვეს” პავილიონის ერთ-ერი მთავარი პერსონაჟი, მე-6 სერიის კუპეს კონცეპტუალური ვერსია იქნება, რომლის შესახებაც, ბავარიელებმა მწირი ინფორმაცია და ფოტოები, პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტით გაავრცელეს.

ეს ავტომობილი, გერმანული კომპანიის მთავარ დიზაინერ ადრიან ფან ჰოოიდონკის ხელმძღვანელობით შეიქმნა და მასში ”ბეემვეს” ახალი კორპორატიული სტილის ელემენტები ჩანს. ამასთან, ის რაღაცით მე-5 სერიის ახალ სედანსაც ჰგავს. კუპეს გრძელი კაპოტი და საგრძნობლად უკან დაწეული სალონი გამოარჩევს, რაც მის სპორტულობას უსვამს ხაზს. კონცეპტუალურ მოდელზე ბავარიელებმა შუქდიოდებისგან დამზადებული მთავარი ფარები გამოიყენეს, რომელსაც ალბათ მე-6 სერიის ტოპ ვერსიებზე დააყენებენ.

რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილს წამყვანი უკანა ბორბლები აქვს, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ ბავარიელებმა მყიდველს მისი სრულამძრავიანი ვერსიაც შესთავაზონ. ავტომობილი V8-ცილინდრიანი ტურბოდამჭირხნიანი აგრეგატით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობა 4.4 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე 395 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 609 ნიუტონმეტრი იქნება.

ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ვერსიით, ახალი მე-6 სერიის კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4.820 მეტრი, სიგანე 1.855 მეტრი და სიმაღლე - 1.375 მეტრი. საბარგულის მოცულობა კი 450 ლიტრს აღწევს.

ავტომობილს მოდერნიზებული მულტიმედიური სისტემა აქვს, რომელზეც მის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეიძლება. გარდა ამისა, 10-დუიმიან მონიტორზე შესაძლებელია სანავიგაციო მონაცემების გამოტანა. დაკიდევ, სისტემას საქარე შუშაზე ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციის პროექცირება შეუძლია. ეს კი იმითაა საინტერესო, რომ მძღოლს მუდმივად, გზისგან თვალის მოუწყვეტლად შეეძლება საჭირო ინფორმაციის მიღება.

სავარაუდოდ, ბავარიელები ამ კუპეს საწარმოო ვერსიის პრემიერას მერმისს, ჟენევის ავტო შოუზე მოაწყობენ.

No comments:

Post a Comment