Monday, September 20, 2010

”ლოტუს ელიტი” – ”ასტონ მარტინის” მომავალი კონკურენტი

Paris Preview: 2014 Lotus Elite

20 სექტემბერი

პარიზის საავტომობილო შოუს გახსნამდე ორი კვირით ადრე და ამ ავტომობილის წარმოების დაწყებამდე სამნახევარი წლით ადრე, სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ”ლოტუსმა” თავისი ახალი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა.

პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ახალ ავტომობილს ”ელიტი” ეწოდება, რაც ირიბად იმის მიმანიშნებელია, რომ ”ლოტუსი” სუპერ ავტომობილების მწარმოებელთა ელიტარულ კასტას უბრუნდება. იქ კი, პირველ რიგში, კონკურენციას ”შინაური” ”ასტონ მარტინის” DB9-ს გაუწევს.

სხვათა შორის, სახელი ”ელიტი” ”ლოტუსისთვის” ახალი არაა. ინგლისურმა კომპანიამ ის ორჯერ - 50-იან და 70-იან წლებში გამოიყენა. ახლა კი, როდესაც საწარმოო პროგრამის გაფართოებაზე ზრუნავს, ეს სახელი ისევ გაიხსენა.

ახალ ”ელიტს” 2+2 ჩასაჯდომი ფორმულა აქვს, ანუ, მის სალონში ორი სრულფასოვანი სავარძელია და ორიც ისეთი, მასზე ბავშვიც ძლივს რომ მოთავსდება (ასეთი ჩასაჯდომი ფორმულა სპორტულ ავტომობილებში გავრცელებულია). კონცეპტუალური ავტომობილის სიგრძე 4.6 მეტრი, ჭონა კი 1680 კილოგრამია.

რაც მთავარია, ”ლოტუს ელიტი” ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება, რომელშიც მთავარი როლი ”ლექსუს LS 600h-სგან” აღებულ 5.0-ლიტრიან V8 ძრავს დაეკისრება. ეს ძრავი იაპონური ავტომობილის ანალოგისგან დამჭირხნით და მართვის სისტემით განსხვავდება. შიდაწვის ძრავის გარდა, ჰიბრიდულ სისტემაში ორი ელექტროძრავი და აკუმულატორების ბლოკიც გაერთიანდება.

აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 540 ცხენის ძალას მიაღწევს, მისი ტოპ ვერსიის სიმძლავრე კი 610 ცხენის ძალა იქნება. გარდა ამისა, ჰიბრიდულ სისტემაში კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემაც (კერს-ი) შევა, რომელიც ”ლოტუსის” ინჟინრების მიერაა შემუშავებული. ეს სისტემა დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას შეაგროვებს და მას აკუმულატორებში შეინახავს.

მართალია, ”ელიტის” საგზაო გამოცდები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ”ლოტუსის” სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 3.5 წამში შეძლებს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია კონცეპტუალური ”ელიტის” მაქსიალური სიჩქარე. რაც შეეხება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას, ის კილომეტრზე 215 გრამის ფარგლებში იქნება, რაც ასეთი ტემპერამენტიანი სპორტული ავტომობილისთვის ბევრი არაა.

ბრიტანეთის ბაზარზე, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ”ლოტუს ელიტის” სავარაუდო ღირებულება 100 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, რაც კონკურენტი ”ასტონ მარტინ DB9-ს” ფასზე გაცილებით ცოტაა.

No comments:

Post a Comment