Friday, October 15, 2010

რენო ზოი
ამ სახელით, ელექტრომობილი ”რენომ” შარშანაც გვაჩვენა, თუმცა პარიზში წარმოდგენილი ავტომიბილი, თავისი გარეგნობით, გაცილებით ახლოსაა მისსავე სერიულ ვერსიასთან, რომელიც ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება. თუ დააკვირდებით, ამ მანქანის წინა ნაწილი ”დეზირის” შესაბამის ელემენტს ძლიერ ჰგავს. ეს კი ნიშნავს, რომ ”რომბების” ახალი სტილი მალე დაიწყებს დამკვიდრებას. და, რაც მთავარია, ”ზოე-ში” ბევრმა მომავალი ”კლიო” ამოიცნო.


სწორად ამოიცნეს, თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი თავის ვირტუალურ მგზავრებს თავისი კლასისთვის არნახულ კომფორტს სთავაზობს. ვინ იცის, იქნებ მათგან ზოგიერთი მალე ”კლიოზე” მართლაც ვიხილოთ. ისე, ”რენო” გვპირდება, რომ კონცეპტუალური ”ზოე-ს” 90 პროცენტი მის სერიულ ვერსიაზეც გადაინაცვლებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მგზავრებს კომფორტით ჰაერის ტენიანობის კლიმატ კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს, რომელშიც ჰაერის ტოქსიკურობის განმსაზღვრელი სისტემა და სუნის გამფრქვევია ინტეგრირებული. და ეს ყველაფერი არაა. ”ზოე” ეგრეთ წოდებულ ”სინათლის თერაპიას” შემოგთავაზებთ, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ ”ფილიპსის” სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა.
კონცეპტუალური ”ზოე-ს” სიგრძე 4.1 მეტრია და ის 19-დუიმიანი ბორბლებითაა აღჭურვილი. ამ მანქანის სერიულ ვერსიას გაბარიტები არ შეეცვლება, მაგრამ ბორბლები აუცილებლად შეიცვლება. ამ ზომის ბორბლები ”კლიოზე” ძნელი წარმოსადგენი კი იქნებოდა.


რაც შეეხება მამოძრავებელ ძალას, მისით ავტომობილს ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 80 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 222 ნიუტონმეტრია. ადგილიდან სტანდარტული (0-100 კმ/სთ) აჩქარებისთვის, 1392-კილოგრამიან ”ზოე-ს” 8.1 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ/სთ-ია.
ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკის სრულ დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება. აკუმულატორების დამუხტვისთვის, ”რენო” ორ საშუალებას გვთავაზობს. ერთია კედლის ყუთი, რომელიც შესაძლოა ელექტრომობილის მფლობელის სახლის ელექტროქსელთან შეერთდეს. მეორე კი ეგრეთ წოდებული EVSE (ელექტრიკ ვიჰაიქლ საპლი ეკიპმენტ - ელექტრომობილის მომარაგების ეკიპირება), რომელსაც ”ზოე-ს” (მომავალი კლიოს) მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. ცნობისათვის, ”რენო” უფრო კედლის ყუთს გვირჩევს. მომავალში, ფრანგული კომპანია ელექტრომობილების მყიდველს აკუმულატორების დამუხტვის სწრაფ საშუალებასაც შესთავაზებს, რომელიც 10 წუთში იმდენ ენერგიას ჩატვირთავს, რაც 60 კილომეტრის გასავლელად იქნება საკმარისი.
დაკიდევ, ისრაელსა და დანიაში მალე სრული მასშტაბით ამოქმედდება პროექტი ”ბეტერ პლეის”, რომელიც ამ ქვეყნებში აკუმულატორების სწრაფად შეცვლის ქსელის შექმნას ითვალისწინებს. ამ სადგურებში, სულ რამდენიმე წუთში, დაცლილ აკუმულატორებს დამუხტულით შეცვლიან და მათ დასამუხტად საათობით ლოდინი საჭირო არ იქნება.

No comments:

Post a Comment