ეს უფრო ორი სკუტერის ტანდემს ჰგავს, ვიდრე სრულფასოვან ავტომობილს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ”რენო” მას ელექტრომობილად გვთავაზობს, რომელსაც მხოლოდ ორი ადგილი აქვს. ეს პატარა ავტომობილი 20-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 57 ნიუტონმეტრსაც იძლევა. აკუმულატორების დასამუხტად 3.5 საათია საჭირო, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი მხოლოდ 75 კმ/სთ-ია.
რაც მთავარია, ფრანგულ კომპანიას ამ პატარა ელექტრომობილის სერიული წარმოება აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც უკვე შერჩეულია ვალიადოლიდის (ესპანეთი) ქარხანა. წარმოება მერმისს, წლის ბოლოს დაიწყება, თუმცა ”რენომ” მასზე ინტერნეტით შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. ფრანგული კომპანია აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, ”ტვიზის” ლიცენზიის გარეშე მართვაც შესაძლებელი იქნება. რადგან ასეთ ქვეყნებში, ამ ელექტრომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს 50 კმ/სთ-ით შეზღუდავენ, ეს სიჩქარე კი იქ ლიცენზიას არ საჭიროებს. ამგვარად, მისი მართვის საშუალება არასრულწლოვანებსაც შეეძლებათ.

ამ პატარა ელექტრომობილის სიგრძე 2.320 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ”სმარტ ფორთუზე” მოკლეა (0. 375 მეტრით). მისი სიგანე 1.190 მეტრი, სიმაღლე კი 1.460 მეტრია. უკანა სავარძლის ქვეშ პატარა საბარგულია მოთავსებული, რომლის მოცულობაც 30 ლიტრია. ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკთან ერთად, ”ტვიზი” სულ რაღაც 450 კილოგრამს იწონის.
No comments:
Post a Comment