Monday, October 11, 2010

”იაგუარი” ჰიბრიდულ სუპერავტომობილ C-X75-ს გამოშვებას აპირებს

11 ოქტომბერი

კომპანია ”იაგუარი” პარიზში წარმოდგენილ კონცეპტუალურ ჰიბრიდულ ელექტრომობილ C-X75-ს წარმოების შესაძლებლობას განიხილავს და როგორც ჩანს, პროექტს მწვანე შუქსაც მალე აუნთებს. ამ ინფორმაციას ინგლისური ყოველკვირეული გამოცემა ”ავტოქარი” აქვეყნებს, რომელმაც ინფრმაციის წყარო უშუალოდ ინგლისურ კომპანიაში მოიძია.

ამ ეტაპზე, ”იაგუარის” ხელმძღვანელობა პროექტის რეალიზაციის ორ ვარიანტს განიხილავს: მათგან ერთის მიხედვით, სულ 1000 ცალი C-X75 დამზადდება, რომლებიც მეტწილად ხელით აიწყობა. მეორე ვარიანტით, ტირჟი 2000 ცალი ავტომობილია, რომელთა წარმოებისას, მნიშვნელოვნად მეტი იქნება ავტომატიზებული აწყობის წილი. ორივე ვარიანტით, თუ ავტომობილს აირტურბინულ ძრავებს შეუნარჩუნებენ, მაშინ ინგლისურ კომპანიას ამ აგრეგატების წარმოების დაწყებაც მოუწევს, რაც პროექტის განხორციელებას 5-7 წლით გადადებს.

”ორიდან სამ წლამდე დასჭირდება აირტურბინული ძრავების წარმოების დაწყებას, სამი-ოთხი წელი კი იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი ძრავების სერიული ავტომობილის სტრუქტურაში ინტეგრირება მოხერხდეს”, - ”ავტოქართან” საუბრისას განაცხადა ”იაგუარის” ალტერნატიული ძალური დანადგარების განყოფილების შეფმა ტონი ჰარპერმა და დასძინა, რომ აირტურბინული ძრავები საკმაოდ გამძლე იქნება და წარმოებისთვის მათი მომზადებაც, შიდაწვის ძრავებზე გაცილებით იაფი დაჯდება.

”აირტურბინულ ძრავებში თითქმის არაფერი ტყდება. ამასთან, მათში 100-ჯერ ნაკლები დეტალი გამოიყენება, ვიდრე ჩვეულებრივ შიდაწვის ძრავებში. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო იაფიცაა”, - ამბობს ჰარპერი.

”ავტოქარის” ინფორმაციით, C-X75-ის ბდი მეტწილად სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ჰიბრიდულ ძალურ დანადგარებში აირტურბინული აგრეგატების გამოყენება. ზემოთ ნათქვამის გარდა, ამ ძრავების კიდევ ერთი უდავო უპირატესობა მათი კომპაქტური ზომებია. აქედან გამომდინარე, ასეთი ძრავი კაპოტის ქვეშ მცირე ადგილს იკავებს, ეს კი ინჟინრებს იმის საშუალებას აძლევს, რომ სალონის მოცულობა გაზარდონ და მისი დამცავი სტრუქტურაც მეტად გააძლიერონ.

ცნობისათვის, პარიზში წარმოდგენილი კონცეპტუალური C-X75 ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ჯამში 780 ცხენის ძალას და 1 600 ნიუტონმეტრს იძლევიან. თითოეული ძრავი (მათი სიმძლავრე 195 ცხენის ძალაა) ”თავის” ბორბალს ემსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს ყველა ბორბალი წამყვანი აქვს. ავტომობილის ბაზაშია განლაგებული ორი აირტურბინა, რომელთა სიმძლავრეც 188-188 ცხენის ძალაა. ორივე ელექტროგენერატორთანაა დაკავშირებული და მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის წყალობით, ავტომობილის სვლის სიშორე 900 კილომეტრს აღწევს. ისე კი, მარტო აკუმულატორების ბლოკში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 110 კილომეტრის გასავლელადაა სამყოფი.

სავარაუდოდ, ”იაგუარი” პროექტ C-X75-ს მწვანე შუქს აუნთებს და დროტა განმავლობაში, მასში გამოყენებულ ტექნოლოგიებს თავის სხვა მოდელებზეც დანერგავს.

No comments:

Post a Comment