Monday, October 11, 2010

”ფოლკსვაგენი” ”ალფა რომეოს” შეძენითაა დაინტერესებული

11 ოქტომბერი

ცოტა ხნის წინ, ეს ისეთ ჭორად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომელსაც ყურადღებასაც კი არავინ მიაქცევდა. მაგრამ პარიზის საავტომობილო შოუს დღეებში გაირკვა, რომ ინტერნეტით რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ხმებს რეალური საფუძველი საფუძველი მაინც ჰქონია.

პარიზში ”ფოლკსვაგენის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა (ვინც ლეგენდარული ფერდინანდ პორშეს შვილიშვილია) პირდაპირ განაცხადა, რომ მისი საავტომობილო იმპერიაში მორიგი ახალი ბრენდი ”ალფა რომეო” იქნება, რომელიც დღეისათვის ”ფიატის” საავტომობილო ჯგუფში შედის. საერთოდ, პიხი ყოველთვის გადაკვრით ლაპარაკს ამჯობინებს ხოლმე, მაგრამ პარიზში თავის გეგმებზე აშკარად განაცხადა.

”ჩვენ მოთმნება გაგვაჩნია და ამისათვის დროც საკმაოდ გვაქვს. ამ თემაზე უახლოესი ორი წლის განმავლობაში ვეღარაფერს გაიგებთ. მაგრამ შემდეგ ჩვენი დროც დადგება”, - განაცხადა პიხმა, რაზეც ”ფიატის” მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონესგან დაუყოვნებლივ ლაკონური და დამცინავი პასუხი მიიღო: ”ნება მიეცით, გველოდონ”...

როგორც ცნობილია, ”ფოლკსვაგენს” ამბიციური მიზანი აქვს - 2018 წლისთვის, გერმანულ გიგანტს მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდება სურს. ამ მიზნის მისაღწევად კი ძიერ გამოადგება თავისი ქოლგის ქვეშ ისეთი ცნობადი და რაც მთავარია, პოპულარული მარკის შეყვანა, როგორიც ”ალფა რომეოა”.

მარკიონე ამბობს, რომ მართალია, ამჟამად ”ალფა რომეო” წამგებიანია, მაგრამ მალე ის პრემიუმ სეგმენტის სრულფასოვანი მოთამაშე გახდება და თავის საწარმოო პროგრამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ გააფართოებს. ”თუ ვინმე მილიარდ ევროს შემოგვთავაზებს... არა, რა ტქმა უნდა, ვხუმრობ, ”ალფას” გაყიდვის არანაირი სურვილი არ მაქვს”, - პარიზშივე განაცხადა მარკიონემ.

პიხი, ვინც ავტორბოლების ფანატია და ლეგენდარული ბრენდების თავის სამფლობელოში მოქცევის კარგი აპეტიტიც აქვს, ამბობს, რომ მანამ დაიცდის, სანამ ”ფიატს” ”ალფას” რესტრუქტურიზაციის საქმეში ხელი მოეცარება.

დარგის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მილანურ კომპანიას განვითარების უკეთესი შანსი სწორედ ”ფოლკსვაგენის” ხელში გადასვლის შემდეგ გაუჩნდება. ”ფიატთან” კი მას მომავალი არ აქვს. არადა, ტურინელებმა, კერძოდ კი მათმა შეფმა სერჯო მარკიონემ, ”ალფას” რესტრუქტურიზაციის და კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ახლახანს წარმოადგინა. ”ფიატის” და ”კრაისლერის” შეფის გეგმის მიხედვით, ”ალფა რომეოს” გაყიდვებმა მალე ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს. არადა, შარშან ამ კომპანიამ მხოლოდ 100 ათასზე ოდნავ მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

”შესაძლოა, ოდესმე ”ალფამ” მართლაც შეძლოს ნახევარი მილიონი ავტომობილის გაყიდვა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ”ფოლკსვაგენის” ხელში გადავა”, - საინტერნეტო გამოცემა ”ავტონიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა ”კრედიტ სუისის” საავტომობილო ბაზრის კვლევის განყოფილების შეფმა არნდტ ელინგჰორსტმა.

სხვა ანალიტიკოსები იმაზე ფიქრობენ, თუ რა გზით შეიძლება შეუერთდეს ”ალფა რომეო” ”ფოლკსვაგენის” მრავალეროვნულ ოჯახს, რომელშიც ერთი იტალიური კომპანია - ”ლამბორგინი” უკვე ფიგურირებს. მაგალითად, საკვლევი ფირმა ”ბერნშტაინის” ცნობილი ანალიტიკოსი მაქს უორბარტონი ვარაუდობს, რომ ვოლფსბურგული გიგანტის ჯგუფში, ”ალფა რომეო” ესპანურ ”სეატს” ჩაანაცვლებს, რომელსაც ისტორიას ჩააბარებენ.

თუმცა, ყველა ვარაუდი ფუჭი იქნება, თუ ”ფიატი” ”ალფა რომეოს” გაყიდვას არ მოისურვებს. ეს კი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მარკიონეს მიაჩნია, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც კონკურენციას მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია გაუძლებს. დანარჩენები კი ”ბრძოლის ველზე” დაეცემიან. ასე რომ, ”ალფას” ხელიდან გაშვება მარკიონეს სტრატეგიულ გეგმას ეწინააღმდეგება.

პიხი კი ჯიუტად აცხადებს, რომ 13 მისი იღბლიანი რიცხვია. მისი ხუმრობანარევი რეპლიკა გასაგებია - ”ფოლკსვაგენის” ჯგუფი ამჟამად 12 ბრენდს აერთიანებს, მე-13 კი ”ალფა რომეო” უნდა გახდეს...

No comments:

Post a Comment