Monday, October 11, 2010

”ასტონ მარტინი” ჯუჯა ”სიგნიტს” მერმისს გამოუშვებს

11 ოქტომბერი

”ასტონ მარტინმა” დაადასტურა, რომ მომავალი წლიდან, თავის ისტორიაში ყველაზე ნელი და პირველი ჯუჯა ავტომობილის, სახელად ”სიგნიტის” წარმოებას შეუდგება. კომპანიის დილერები ამ მანქანას, რომლის საბაზო ღირებულებაც 30 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, გაზაფხულზე მიიღებენ.

”ასტონმა” კონცეპტუალური ”სიგნიტი”, რომელიც ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს ბაზაზეა შექმნილი, პირველად ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუზე წარადგინა. ინგლისურმა კომპანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისი მცირე ზომების მიუხედავად, ”სიგნიტი” ჭეშმარიტი ”ასტონ მარტინი” იქნება და თავის მფლობელებს ბრენდისთვის დამახასიათებელ ღირებულებებს შესთავაზებს. ოღონდ, ყველაფერ ამას მცირე გაბარიტებში ჩაატევენ.

”დრო დგება, რომ განსხვავებულად ვიფიქროთ. იმავდროულად, ჩვენ კომპრომისებზე წასვლას მაინც არ ვაპირებთ. რასაც გავაკეთებთ, სწორად გავაკეთებთ. თუ ჩვენ სპორტულ მანქანას ვაკეთებთ, ის სპორტული იქნება. ჩვენს სპორტულ მანქანებს არ დავაპატარავებთ და მათს მახასიათებლებს არ გავაუარესებთ. ”სიგნიტს” კი იმისთვის ვამზადებთ, რომ გამონაბოლქვზე ახალ მოთხოვნებს ვუპასუხოთ. და ამის მიუხედავად, ეს ჭეშმარიტი ”ასტონ მარტინი” იქნება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ჩვენს კლიენტებს ქალაქის მცირე ავტომობილი ესაჭიროებათ. ოღონდ ის ისეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენს მარკას შეესაბამება. და ისინი მას მალე მიიღებენ”, - ამბობს ”ასტონ მარტინის” მთავარი აღმასრულებელი ულრიხ ბეცი.

მართალია, ინგლისური კომპანია აცხადებს, რომ ”სიგნიტის” მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს, თუმცა ამ პატარა მანქანის შინაგან აგებულებაზე ლაპარაკი ახლავე შეიძლება. ამის საშუალებას იძლევა ”ასტონის” განცხადება იმის შესახებ, რომ ”ტოიოტას” აგრეგატები ”სიგნიტზე” თითქმის უცვლელად გადაინაცვლბს. პატარა ”ასტონისთვის” მხოლოდ ერთი, 1.33-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავია გათვალისწინებული, რომელიც 98 ცხენის ძალას იძლევა. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი შეწყვილდება.

სავარაუდოდ, ამ აღჭურვილობის მქონე ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 11.6 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ იქნება. ავტომობილის ხარჯი ყოველ 100 კილომეტრზე 5.1 ლიტრი იქნება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს მხოლოდ 120 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

No comments:

Post a Comment