Monday, October 11, 2010

ირანი ”პეჟოს” გაკოტრებით ემუქრება

11 ოქტომბერი

როგორც ირანის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, ამ ქვეყნის მთავრობამ ფრანგულ საავტომობილო კომპანია ”პეჟოს” მიმართ, მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. კერძოდ, ირანის მთავრობა იქადნის, რომ თუ მოისურვებს, ”პეჟოს” რამდენიმე დღეში გააკოტრებს. ფრანგული კომპანიის გაკოტრებას კი ირანის მიერ მისგან სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე უარის თქმა გამოიწვევს.

”რომ მოვინდომოთ, ”პეჟოს” გავაკოტრებთ. თუ სათადარიგო ნაწილების იმპორტზე უარს ვიტყვით, ამ კომპანიის გაყიდვები 2.5 მილიარდი დოლარით შემცირდება. ჩვენი წარბის შეხრაც კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ფრანგული ავტოინდუსტრია კოლაფსში ჩავარდეს”, - ამბობს ირანის ვიცე პრეზიდენტი მოჰამად რეზა რაჰიმი.

ამჟამად ირანი ”პეჟოს” ორ ძველ მოდელს - 206-ს და 405-ს აწარმოებს. ქვეყნის გზებზე ყველაზე ხშირად სწორედ ეს ავტომობილები შეგხვდებათ. ამ ავტომობილების ზოგიერთ მაკომპლექტებელ ნაწილს ირანული საავტომობილო ქარხანა საფრანგეთიდან ღებულობს.

”პეჟოს” გარდა, ირანში ავტომობილებს კიდევ ორი, ადგილობრივი კომპანია - ”საიპა” და ”ირან ხოდრო” აწარმოებს. პირველის პარტნიორი კიდევ ერთი ფრანგული კომპანია - ”რენოა”, რომლის იაფფასიან მოდელ ”ლოგანსაც” აწარმოებს. მეორე კი კორეულ ”კიასთან” თანამშრომლობს და მის ”პრაიდს” ამზადებს. თუმცა, ”კიას” გადაწყვეტილი აქვს, რომ ირანულ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტოს. ამის მიზეზი კი საერთაშორისო სავაჭრო ემბარგოა, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის გამოა გამოცხადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საავტომობილო ინდუსტრიაში დაახლოებით 500 000 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, საავტომობილო სექტორთან ირიბი კავშირი მაკომპლექტებლების მწარმოებლებსაც აქვთ. ყოველივეს წყალობით, ირანში ავტო მრეწველობა, ინდუსტრიის მეორე უმსხვილესი დარგია ნავთობის სექტორის შემდეგ.

წარმოების წლიური მოცულობის მიხედვით, ირანს მთელს მსოფლიოში მე-18 ადგილი უკავია. ირანულ კომპანიებს კი თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გააქვს.

No comments:

Post a Comment