Sunday, October 31, 2010

„რალის მებრძოლის“ პრემიერა ლას ვეგასში გაიმართება

Production Rally Fighter to Debut at SEMA 2010

31 ოქტომბერი

ამერიკულმა კომპანია „ლოკალ მოტორსმა“ ლას ვეგასის სპეციალური ეკიპირების ასოციაციის შარშანდელ გამოფენაზე (SEMA) სპორტული კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „რალი ფაითერი“ (რალის მებრძოლი) წარმოადგინა. ამ ავტომობილმა იმდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია, რომ კომპანიამ მისი რეალური ვერსიის შექმნა გადაწყვიტა მისი ოთხი ეგზემპლარი ისევ ლას ვეგასის შოუსთვის მოამზადა.

მისი სახელიც გვეუბნება - ავტომობილი რალის რბოლებისთვისაა შექმნილი. მისი მზიდი ელემენტი ფოლადის მილებისგან შეკრული მოცულობითი ჩარჩოა, რომელზეც სპეციალური, უგზოობის საკიდარია დამაგრებული. საკიდარს დიდი სვლის მქონე (50 სანტიმეტრი) და იმავდროულად, საკმაოდ ხისტი დრეკადი სისტემა აქვს. რა თქმა უნდა, ავტომობილი მძლავრი სამუხრუჭე სისტემითაა აღჭურვილი.

„რალის მებრძოლის“ სიგრძე 4.800 მეტრი, სიგანე 2.057 მეტრი, სიმაღლე 1.759 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2.921 მეტრი, წინა და უკანა ბორბლების კვალი კი 1.765 მეტრია. ამ ავტომობილის ძარის ბევრი ელემენტი - წინა და უკანა ნაწილები, ზღურბლი და სახურავი, კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, ძარა ვინილის აფსკითაა დაფარული, რაც საღებავის საჭიროებას გამორიცხავს და ასე, ავტომობილი წონაში 5 კილოგრამს იგებს. სულ კი, „რალი ფაითერის“ წონა 1451 კილოგრამია.

ახლა ყველაზე საინტერესოს შესახებაც: „რალის მებრძოლი“ 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 430 ცხენის ძალას და 574 ნიუტონმეტრ მომენტს იძლევა. ძრავთან ავტომატური (საფეხურების რაოდენობა დაზუსტებული არაა) კოლოფია დაკავშირებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს უკანა (რატომღაც, არა ყველას) წამყვან ბორბლებს აწვდის.

კომპანია აცხადებს, რომ ნებისმიერ მყიდველს შეუძლია, „რალი ფაითერის“ ძარა და შასი თავისი სურვილის შესაბამისად შეცვალოს და ავტომობილი ასე შეუკვეთოს. უფრო მეტიც, ნებისმიერ მყიდველს, „ლოკალ მოტორსის“ პარტნიორობის შესაძლებლობა აქვს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის თავის მიერ კონსტრუქციაში შეტანილ ცვლილებებს სხვა მყიდველსაც შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მოგების ნაწილსაც მიიღებს.

ჯერჯერობით, „რალი ფაითერის“ ზუსტი ფასი არ გამოცხადებულა. სავარაუდოდ, ეს მონსტრი 50 000 დოლარზე მეტი ეღირება. ამასთან, სულ 99 დოლარის დეპოზიტია საკმარისი იმისათვის, კომპანიამ მასზე შეკვეთა მიიღოს და თქვენთვის ავტომობილის მომზადებას შეუდგეს.

No comments:

Post a Comment