Saturday, October 30, 2010

”ასტონ მარტინი” უგზოობის ”ლაგონდას” მაინც გამოუშვებს

Aston Martin CEO Gives Green Light to Lagonda

30 ოქტომბერი

ეს უკვე კურიოზს ჰგავს - ”ასტონ მარტინმა” საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უგზოობის კონცეპტუალურ მოდელ ”ლაგონდას”, რომელიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ, დასავიწყებლად გაიმეტა, მწვანე შუქი აუნთო. ამის შესახებ თავად კომპანიის შეფმა ულრიხ ბეცმა განაცხადა და დასძინა, რომ ავტომობილი ”მერსედეს ბენცის” უგზოობის მოდელ GL-ის ბაზაზე შეიქმნება.

პარიზის საავტომობილო შოუზე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ასტონ მარტინის” საწარმოო პროგრამაში შემდეგი ახალი ავტომობილი, ოთხკარიან კუპე ”რეპიდის” ბაზაზე შექმნილი სედანი იქნებოდა. ბეცს არ უარუყვია, რომ მისი კომპანია სედანის წარმოებას აპირებს. ამასთან დასძინა რომ სუპერ ავტომობილი ”ვან-77” მხოლოდ 22 ცალი დამზადდება და არა 77 ცალი, როგორც ადრე იგეგმებოდა.

შარშან, ჟენევის საავტომობილო შოუზე, ინგლისურმა კომპანიამ ყველა გააოცა, როდესაც უგზოობის ”ლაგონდას” საბურველი ახადა. მნახველთა უმეტესობა, მათ შორის ჟურნალისტებიც, ნანახით გაწბილებულები დარჩნენ. ბევრმა ისიც თქვა, ამ მახინჯი მანქანის გამოშვებით, ”ასტონი” თავის ავტორიტეტს შებღალავსო. ამგვარმა ლაპარაკმა ის შედეგი გამოიღო, რომ ”ასტონ მარტინის” თანამფლობელმა დევიდ რიჩარდსმა პროექტ ”ლაგონდას” შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

მაგრამ შემდეგ კომპანიის მარკეტოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, რომელმაც გამოავლინა, რომ მახინჯი ”ლაგონდაც” კი, ძალიან პოპულარული იქნება ისეთი ქვეყნების ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. და, რიჩარდსის გადაწყვეტილების შეცვლაც სწორედ მარკეტოლოგების ვერდიქტმა განაპირობა.

რაც შეეხება ”მერსედესთან” პარტნიორობას, გასაკვირი არც ამაშია რამე. ჯერ ერთი, ”ასტონ მარტინი” და გერმანული კომპანია პარტნიორები არიან. მეორეც, კონცეპტუალური ”ლაგონდა” სწორედ ”მერსედეს GL-ის” ბაზაზე დამზადდა. თუმცა, ბეცი აცხადებს, რომ შტუტგარტელებთან პარტნიორობის მიუხედავად, უგზოობის მოდელის ნაწილების და კომპონენტების უმეტესობას თავად ”ასტონი” დაამზადებს, რათა თავისი ავტომობილების უნიკალურობა შეინარჩუნოს.

No comments:

Post a Comment