Sunday, October 31, 2010

„ჩერიოტ როუდსტერი“ – „ბეემვეს“ კონცეპტუალური ანტიკური მეომარი

BMW Chariot Roadster Concept

31 ოქტომბერი

ვინ იტყვის, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს გერმანულ საავტომობილო კომპანიასა და ანტიკური ხანის ბერძენ მეომრებს შორის? რა თქმა უნდა, არანაირი, მაგრამ ისინი ირიბად უნგრელმა დიზაინერმა მატე ბართამ დააკავშირა. მან შეიმუშავა კონცეპტუალური ავტომობილი სახელად „ჩერიოტ როუდსტერ“, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ანტიკური საომარი ეტლის შთაგონებით შექმნა.

ვენი, ვიდი, ვიცი - კეისრის ეს გამოთქმა ნიშნავს: მიველ, ვნახე, დავამარცხე. ბართას შემთხვევაში, ამ გამოთქმის შემდეგნაირად ფორმულირება შეიძლება: ვნახე, შევქმენი და... გაგრძელება ალბათ არ იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ უნგრელ დიზაინერს თავისი კონცეპციის შემუშავების იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც ანტიკურ საომარ ეტლებს ათვალიერებდა.

ბართას თქმით, მისი კონცეპტუალურ ავტომობილის დიზაინში ბევრი ისეთი ელემენტია, რომლებიც ბერძენ ანტიკურ მეომარს, მის ეკიპირებას და საბრძოლო შეიარაღებას გაგახსენებთ. მართლაც, დააკვირდით: უკანა ბორბალი და მისი ფრთა ხომ საბრძოლო ორბორბლიანი ეტლის გვერდხედს ჰგავს. წინა ფრთა კი, რომელიც „თავის“ ბორბალს მთლიანად ფარავს და ავტომობილს თითქმის მთელ სიგრძეზე გაუყვება, უზარმაზარ ფარს, ან ცხენის დამცავ ჯავშანს მოგვაგონებს. თვითონ მეეტლე-მეომარი და მისი შუბი, ან მშვილდი არ ჩანს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ავტომობილის სილუეტში საბრძოლო ეტლის სილუეტი გამოირჩევა.

როგორც ბართა განმარტავს, თუ მის ავტომობილს ახლოდან დაათვალიერებთ, ანტიკურ ბერძენ მეომართან უფრო მეტ მსგავსებას შენიშნავთ. შესაძლოა, შეედავოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი კონცეპტუალური ავტომობილი ძალიან ეფექტურია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მის „საბრძოლო ეტლს“ ვერ უპოვნით „ბეემვესთვის“ დამახასიათებელი სარადიატორე ბადის მსგავს ფორმებს.

რა თქმა უნდა, მსგავსი ავტომობილის დამზადება ბავარიელებს ფიქრადაც არ მოუვათ. ბართა არც იმას ამბობს, თუ რითაა მისი ავტომობილი აღჭურვილი. სავარაუდოდ, ის არჩევანს ეკოლოგიურად სუფთა ძალურ დანადგარზე შეაჩერებდა. თუმცა, ეს არც გაუკეთებია. უბრალოდ, მან საკუთარი მხოლოდ დიზაინერული ოსტატობა გვიჩვენა.

მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა, ერთჯერად პროექტებზე სპეციალიზებულმა რომელიმე პატარა ფირმამ ამ კონცეპციის თუნდაც რეალურ მოდელში განხორციელება, ან თუნდაც ერთეულების წარმოება გადაწყვიტოს...

No comments:

Post a Comment