Wednesday, November 3, 2010

გერმანელებმა რეკორდული ტევადობის აკუმულატორი შექმნეს

3 ნოემბერი

მირკო ჰანემანი (სურათზე, მანქანიდან გადმოდის) 27 წლის ფიზიკოსია, დამთავრებული აქვს ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტი

..............................

მსოფლიო ავტოინდუსტრია მალე ელექტრომობილების წარმოებას მასობრივად დაიწყებს. თუმცა ელექტრონული რევოლუცია საკმაოდ სერიოზულ პრობლემას აწყდება და ეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ არ შემუშავებულა საკმაოდ ტევადი აკუმულატორები. ამასთან, ენერგიის შენახვის ეს საშუალება მეტისმეტად ძვირიც ჯდება.

თუმცა, მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ორმა გერმანულმა, ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ, ამ მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგა - მათ მიერ ელექტრომობილად გადაკეთებულმა ”აუდ A2-მა” მიუნხენიდან ბერლინამდე აკუმულატორების ერთი დამუხტვით მიაღწია.

ბერლინის მერიამ, კომპანია ”DBM ენერჯის” 380 ათასი ევრო გამოუყო

..............................

რეკორდსმენ ავტომობილს ”ლეკერ მობილი” ჰქვია და ის კომპანია ”ლეკერ ენერჯიმ” და ”DBM ენერჯიმ” შექმნეს. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ შექმნეს აკუმულატორი, რომელიც ჩვეულებრივ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებზე ტევადიცაა, კომპაქტურიც, მძლავრიც, იაფიც და გაცილებით მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტითაც გამოირჩევა. შესაძლოა, ზემოთ ნახსენებ გარბენამდე, ეს ყველაფერი ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ამ აკუმულატორებით აღჭურვილმა ავტომობილმა შეუჩერებლად 605 კილომეტრი განვლო.

გარბენი ბრანდენბურგის ჭიშკართან დასრულდა, სადაც მის მონაწილეებს უამრავი ჟურნალისტი ელოდა. მანქანა გაჩერდა, იქიდან ”DBM ენერჯის” აღმასრულებელი დირექტორი მირკო ჰანემანი გადმოვიდა და გაიხუმრა: ”თუ ვინმეს თავისი აიფონის დამუხტვა სურს, შეგიძლიათ, ჩვენი მანქანის აკუმულატორით ისარგებლოთ”. ამის თქმის საფუძველი კი მას მართლაც ჰქონდა - როგორც გარბენის მომსახურე ინჟინრებმა განაცხადეს, ”ლეკერ მობილის” აკუმულატორებში ენერგიის 18 პროცენტი კიდევ დარჩენილი იყო.

”ლეკერ მობილზე” დაყენებული აკუმულატორების ტევადობა 115 კილოვატსაათია. ექსპერიმენტული გარბენის დროს, ელექტრომობილმა 605 კილომეტრზე 94.3 კილოვატი ენერგია დახარჯა. საშუალო ხარჯი კი კილომეტრზე 156 ვატისაათშია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გარბენის დროს, ჰანემანს სალონში გამათბობელი ჰქონდა ჩართული...

..............................

ახვათა შორის, იაპონიის ელექტრომობილების კლუბის სპეციალისტების მიერ, ელექტრომობილად გადაკეთებულმა ”დაიჰაცუმ”, ცოტა ხნის წინ, აკუმულატორების ერთი დამუხტვით, 1003 კილომეტრის გავლა შეძლო. მაგრამ ის გარბენი ჩაკეტილ წრეზე ჩატარდა, რომელზეც ელექტრომობილის საშუალო სიჩქარე 40 კმ/სთ იყო. ”ლეკერ მობილმა” კი 605 კილომეტრი 88 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა.

საერთო სარგებლობის გზებზე, ”დაიჰაცუს” ყველაზე შორეული გარბენი 555 კილომეტრია. ასე რომ, გერმანული ელექტრომობილი უფრო შორსმავალი გამოდის. ესეც რომ არა, პატარა იაპონურ მანქანაში, აკუმულატორებმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა. ”ლეკერ მობილში” კი ხელუხლებლად დარჩა არამხოლოდ სალონი, საბარგულიც კი.

”DBM ენერჯის” ელემენტები ლითიუმ-მეტალ-პოლიმერული აკუმულატორების ტიპს მიეკუთვნება. ასეთი ელემენტები პირველად 1990-იან წლებში შექმნეს და მათს სრულყოფაზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობდა. მათგან ზოგიერთმა კვლევები შეწყვიტა, ზოგი კი ამ ტიპის აკუმულატორებს მცირე რაოდენობით აწარმოებს კიდეც.

მონათესავე ლითიუმ-იონური (LI) აკუმულატორებისგან ლითიუმ-მეტალ-პოლიმერული (LMP) იმით განსხვავდება, ლითიუმს მეტალის სახით იყენებს. LI-აკუმულატორებში კი ლითიუმი ან ოქსიდის, ან ფოსფატის, ან კიდევ ნახშირბადოვანი მასალის შიგნით, იონების სახით გამოიყენება. გარდა ამისა, LMP-ელემენტებს მყარი ელექტროლიტი აქვს.

ექსპერიმენტისთვის ”აუდი A2-ის” შერჩევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ჯერ ერთი, ეს ავტომობილი ტონაზე ნაკლებს იწონის. მეორეც, შესანიშნავი აეროდინამიკა აქვს. ყოველივე კი ენერგიის ნაკლებ ხარჯს განაპირობებს

..............................

სხვათა შორის, იყო პერიოდი, როდესაც მეცნიერები LMP ტიპის ელემენტებზე მუშაობის შეწყვეტას აპირებდნენ. ამის მიზეზი კი ის გარემოება იყო, რომ ექსპერიმენტების დროს, ელემენტების ნორმალური მუშაობა მხოლოდ 60 გრადუს ტემპერატურაზე ხერხდებოდა. ამ ტემპერატურული რეჟიმის მუდმივად შენარჩუნება კი კონტროლის და გადამწოდების რთული სისტემის გამართულ მუშაობას საჭიროებდა. მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების საკითხიც.

ამასთან, LMP ელემენტები ხანგრძლივი მუშაობითაც არ გამოირჩეოდა - თავიდან მისი სამუშაო რესურსი დამუხტვა-განმუხტვის მხოლოდ 100-200 ციკლს უძლებდა. ელექტრომობილებში კი ისეთი აკუმულატორების გამოყენებას აქვს აზრი, რომლებიც მინიმუმ 1000 ციკლს მაინც გაუძლებენ.

”DBM ენერჯი” 2009 წელს ჩამოყალიბდა და თავიდანვე მიზნდ LMP ელემენტების სრულყოფა დაისახა. და, როგორც ჰანემანი ირწმუნება, ყველა სირთულე გადალახა, რის შემდეგაც აკუმულატორები სატრანსპორტი საშუალებებზე გამოყენებისთვის ვარგისი გახდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ნათქვამის სისწორეს წარმატებული გარბენი ადასტურებს.

გერმანულმა კომპანიამ მის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას ”კოლიბრი ალფაპოლიმერი” შეარქვა. ოღონდ, რა თქმა უნდა, მასზე დაწვრილებით არაფერს ყვება. სამაგიეროდ, ირწმუნება, რომ მის მიერ შემუშავებული ელემენტების თვითაალება გამორიცხულია. ის სახიფათო არც პირდაპირი დაჯახების დროსაა. და, რაც მთავარია, ის ერთობ დიდ ტემპერატურულ დიაპაზონში (ცელსიუსით -40-დან +100 გრადუსამდე) მუშაობს.

ესეც არაა ყველაფერი - ჰანემანი ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ შემუშავებული ელემენტები, ლითიუმ-იონურთან შედარებით, გაცილებით მცირე რაოდენობით ლითიუმ შეიცავს. LMP-ს შემდგენლობაში არც ძვირადღირებული კობალტის მინარევები შედის, ისინი უფრო მსუბუქებიცაა და იაფიც. დაბოლოს, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 97 პროცენტია!

და, კიდევ ერთი სასიამოვნო და მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც LMP ელემენტებს ავტომობილებისათვის სასურველს ხდის: მათი სრული დამუხტვა სულ რაღაც, 6 წუთშია შესაძლებელი. სხვათა შორის, დასამუხტად ამაზე მცირე დრო მხოლოდ იაპონურ კომპანია ”ტოშიბას” მიერ შემუშავებულ ელემენტ SciB-ს სჭირდება, რომლის წარმოება და ელექტრომობილებზე გამოყენებაც მალე დაიწყება.

ჯერჯერობით, ჰანემანი არაფერს ამბობს მისი კომპანიის მიერ შემუშავებული აკუმულატორების ფასზე. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, დაიწყება თუ არა მისი მასობრივად წარმოება. თუ ეს მოხერხდა, მაშინ ფასი დაბალი იქნბეა და კონკურენციას იაპონურ აკუმულატორებს გაუწევს. თეორიულად, LMP აკუმულატორების ფასი, თანამედროვე ლითიუმ-იონურისაზე თითქმის ორჯერ ნაკლები უნდა იყოს.

გერმანელი ბიზნსმენი იმედოვნებს, რომ თავისი პროდუქტით, დიდ ავტომწარმოებლების ყურადღებას მიიქცევს. სხვათა შორის, მას შესთავაზეს, რომ თავისი აკუმულატორი საცდელად ინვალიდის სავარძელზე დაეყენებინა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ასეთი ექსპერიმენტი მეტისმეტად მოკრძალებული იქნებოდა და საზგადოების ყურადღებას ვერ მიიქცევდა.

კითხვაზე, როდის შეუძლია LMP აკუმულატორების მასობრივი წარმოების დაწყება, ჰანემანის პასუხი ოპტიმისტური და ლაკონურია - ”თუნდაც დღეს”...

No comments:

Post a Comment