Monday, November 8, 2010

”ჩერი” პირველ ჩინურ ელექტრომობილებს გამოუშვებს

Chery Launched Chinese EV

8 ნოემბერი

ერთ-ერთი უდიდესი ჩინური საავტომობილო კომპანია ”ჩერი მოტორსი” ბოლო ორი წელია, მწვანე ტექნოლოგიების ფრონტზე ძალიან აქტიურია - ჯერ შანჰაის შარშანდელ ავტო შოუზე ორი ელექტრონული კონცეპტუალური ავტომობილი, ”რიიჩ M1 EV” და ”ტიგო 3 EV” წარადგინა, წელს კი პეკინის გამოფენაზე, ორი ჰიბრიდული და ერთიც ელექტრული ავტომობილი (S18) გამოფინა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ”ჩერიში” ჩათვალეს, რომ კონცეპტუალური ექსპონტების დრო აღარაა და ამიერიდან, მყიდველს რეალური ელექტრომობილიც უნდა შესთავაზონ. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ კომპანიამ ჩინურ ბაზარზე თავისი პირველი სერიული ელექტრული მანქანა, ”რიიჩ M1 EV” წარადგინა. რაც მთავარია, ამ პატარა ავტომობილს ძალიან კონკურენტული ფასი აქვს. კერძოდ, მისი საბაზო ვერსია 149 900 იუანი, ანუ 22 000 დოლარი ღირს. სრულად დაკომპლექტებული ვერსიის ფასი კი 229 800 იუანი, ანუ 35 000 დოლარი ღირს.

ეგ კიდევ არაფერი, ჩინეთის მთავრობას ელექტრომობილების მწარმოებელთა წასახალისებელი პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელიც ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების მყიდველებს შეღავათის სახით, 60 000 იუანს (დაახლოებით 9 000 დოლარს) სთავაზობს.

პატარა საქალაქო ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 54-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომელიც ენერგიით 60 ამპერსაათიანი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ანიჭებს. ელექტრული ”ჩერის” მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია, სვლის სიშორე კი 150 კილომეტრს აღწევს. აკუმულატორები საყოფაცხოვრებო ქსელიდან იმუხტება, თუმცა სრული დამუხტვისთვის 6-8 საათია საჭირო. შედარებისთვის, ”რიიჩის” მთავარი კონკურენტის - ”მიცუბიში i-Miev-ს” აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის 2.5 საათიც საკმარისია.

სამაგიეროდ, ელექტრონული ”ჩერი” უსაფრთხოების პასიური და აქტიური სისტემებითაა აღჭურვილი, ენერგიას კი მოძრაობის დროს ივსებს, როდესაც დამუხრუჭება უწევს. თანაც, ჩინური კომპანია თავისი ელექტრომობილის ხუთ ვერსიას სთავაზობს, რომელთაგან სვლის ყველაზე დიდი სიშორით EV5 ვერსია გამოირჩევა. ამ მანქანას ბენზინზე მომუშავე შიდაწვის ძრავიც აქვს, რომლის ერთადერთი დანიშნულება, მასთან დაკავშირებულ გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიის გამომუშავებაა. ამის წყალობით, სვლის სიშორე 300 კილომეტრს აღწევს.

და მაინც ჩინეთში ამ ავტომობილს, ჯერჯერობით სოლიდური პრობლემა ელის - ცისქვეშეთის არცერთ დიდ ქალაქში, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ქსელი არ მუშაობს. ამის გამო, ჩინეთის მთავრობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას უახლოეს მომავალში აპირებს.

No comments:

Post a Comment