Wednesday, December 15, 2010

დეტროიტი მსოფლიო პრემიერებისთვის ემზადება

15 დეკემბერი

10 იანვარს, დეტროიტის საგამოფენო კომპლექს ”კობო სენტერის” პავილიონები დიდ საერთაშორისო საავტომობილო გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც მომავალი წლის მსოფლიო პრემიერების პირველი ფორუმი გახდება. დეტროიტული ავტო შოუ, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საავტომობილო გამოფენათა ხუთეულში შედის და უდიდესია ორივე ამერიკის კონტინენტზე. რაც მთავარია, ის არცთუ შორეულ წარსულში, მსოფლიოს უდიდესი ავტობაზრის ცენტრალური ქალაქია და ბუნებრივია, ამ ბაზარზე წარმატების მოსურნე კომპანიები, იქ თავიანთი სიახლეების დემონსტრირებას ეშურებიან ხოლმე.

ფორდ ტერიტორი

..............................

მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა დეტროიტის ავტო შოუსაც დაასვა დაღი - ორი წელია, იქ მსოფლიო პრემიერების რიცხვმა საგრძნობლად იკლო და ზოგიერთმა კომპანიამ, ამ შოუში მონაწილეობისგან თავის შეკავებაც კი ამჯობინა. თუმცა კრიზისმა უკვე ჩაიარა და როგორც ჩანს, ეს გამოფენასაც დაეტყობა, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 40 მსოფლიო პრემიერას ელიან.

ავტო შოუს ორგანიზატრორებმა, გამოფენაზე მონაწილეობისთვის 4 536 ჟურნალისტი დაარეგისტრირეს, რომლებიც ”კობო სენტერში” გამოფენილ ავტომობილებს, მთელს მსოფლიოს გააცნობენ. გამოფენაზე ამერიკული, ევროპული და აზიური დიდი კომპანიების გარდა, პატარა მწარმოებლებიც მრავლად იქნებიან, რომელთა უმეტესობა, კონცეპტუალურ მოდელებს წარადგენს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები - ჰიბრიდები და ელექტრომობილები მოექცევა.

შევროლე ამპ

..............................

დეტროიტის ავტო შოუზე საზოგადოებას პირველად დაენახება ”ფორდის” უგზოობის ახალი კონცეპტუალური ავტომობილი (ტერიტორი), რომელმაც მალე ორი პოპულარული მოდელი - ”კუგა” და ”ისკეიპი” უნდა შეცვალოს. გამოფენზე ”ცისფერი ოვალი” ამ ორი ავტომობილის ახალ გარეგნობას გვიჩვენებს.

ამ ეტაპზე, ”ჯენერალ მოტორსისთვის” ყველაზე აქტუალური თემა ელექტრომობილები და ”შევროლე ვოლტია”, რომელმაც უკვე არაერთი ჯილდოს მიღება მოახერხა და რომელიც ახლახანს გამოჩნდა ამერიკული კომპანიის დილერთა შოურუმებში. ამ ეპოქალური ავტომობილის გარდა, ”გენერლები” თავიანთ ახალ ელექტრომობილს - ”ვოლტის” ბაზაზე შექმნილ მინივენ ”შევროლე ამპ-ს” გვიჩვენებენ.

კრაისლერ 300

..............................

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია - ”კრაისლერი”, რომელსაც წელს გაყიდვები 70 პროცენტით აქვს გაზრდილი, თავისი ფლაგმანის, სედან 300-ის პრემიერას ჩაატარებს. ეს ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მალე მასზე თავის შესაბამისი კლასის ავტომობილს იტალიური ”ლანჩა” დაამყნობს.

დეტროიტში ნამდვილი მოვლენა იქნება ჩინურ კომპანია BYD-ის გამოჩენა. მის სტენდზე მთავარ ადგილს ელექტრომობილი E6 დაიკავებს, რომელსაც ცისქვეშეთელები უპირველესად, ამერიკის ბაზრისთვის ამზადებენ. მერმისს ისინი იქ ამ ავტომობილის სრულფასოვან ტესტირებას შეუდგებიან. სხვათა შორის, ჩინურ სიახლეს ალმაცერად ვერავინ შეხედავს, რადგან ის არცთუ დიდი ხნის წინ, ”დაიმლერის” პარტნიორი გახდა და თავის ელექტულ სიახლეებს სწორედ გერმანულ კომპანიას გაუზიარებს, რაც მის იმიჯს ძლიერ წაადგება.

BYD E6

..............................

”მწვანე” სიახლე აქვს ”ტოიოტასაც”, რომელმაც როგორც იქნა, თავის პოპულარულ ჰიბრიდ ”პრიუსის” ბაზაზე მინივენი (პრიუს MPV) დაამზადა და მას პირველად ამერიკელებს უჩვენებს. უნდა ითქვას, რომ ავტომობილების მასობრივი უკან გახმობის გამო, ”ტოიოტას” მთელს მსოფლიოში დიდი პრობლემები შეექმნა, თუმცა ამის მიუხედავად, ამერიკაში მისი გაყიდვები მაინც 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა. და მაინც, ეს გაცილებით ნაკლებია მისი მთავარი კონკურენტების, ”ჯენერალ მოტორსის” და ”ფორდის” ანალოგიურ მაჩვენებლებზე (შესაბამისად, 49 და 33 პროცენტიან ზრდაზე).

მნიშვნელოვანი სიახლე ”ჰონდასაც” ექნება, რომლის ექსპოზიციის ცენტრალურ ადგილსაც ახალი ”სივიკი” დაიკავებს, რომელიც ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სავარაუდოდ, იაპონური კომპანიის გაყიდვებს (ზრდა 27 პროცენტი) კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ამათ გარდა, დეტროიტის ავტო შოუზე თავიანთ სიახლეებს ”აუდი”, ”ბეემვე”, ”ნისანი”, ”ინფინიტი”, ”ლექსუსი”, ”მიცუბიში”, ”სუძუკი”, ”ფიატი”, ”როლს როისი” და სხვა კომპანიები გამოფენენ. დამთვალიერებლებს თავიანთ კონცეპტუალურ ავტომობილებს ”ფისკერი”, ”ვენტური” და სხვა პატარა კომპანიებიც უჩვენებენ.

No comments:

Post a Comment