Wednesday, December 15, 2010

”გემბალა” ”კაიენ ტორნადოთი” დაბრუნდა

Gemballa is Back: Tornado 2011 Porsche Cayenne

15 დეკემბერი

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ, მისი დამაარსებელი უვე გემბალა სამხრეთ აფრიკაში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, კომპანია ”გემბალა” არსებობას მაინც აგრძელებს. მისმა მთავარმა აღმასრულებელმა ანდრეას შვარტსმა და ინვესტორმა შტეფენ კორბახმა სახელოვანი გერმანული სატუნინგო კომპანია აღადგინეს და ახალი შედევრიც გაამზადეს.

”გემბალას” სპეციალისტებმა ამჯერად ისედაც შესანიშნავი ”პორშე კაიენის” დახვეწა გადაწყვიტეს და დასახულ ამოცანას, თავი შესანიშნავად გაართვეს. მათ ნახელავს კი სახელად ”ტორნადო” ეწოდა - სახელი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს წინაშე ნამდვილი სტიქიაა, რომელიც მის პატრონს, ექსტრემალური მართვით უზარმაზარი სიამოვნების მინიჭებას პირდება.

”გემბალას” სპეციალისტებმა პირველ რიგში, ”კაიენის” ძარის პანელების შეცვლაზე იზრუნეს. ჯერ ერთი, ახალი პანელები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. მეორეც, შეიცვალა მთლიანად ავტომობილის დიზაინი. მან უფრო აგრესიული გამომეტყველება მიიღო. კარბონით შეიცვალა კაპოტი, წინა ფრთები, ზღურბლი, კარებები და უკანა ნაწილის ზოგიერთი დეტალი. კარბონიზაციის წყალობით, ავტომობილმა წონში 70 კილოგრამი დაიკლო.

რა თქმა უნდა, მოდერნიზაცია ”კაიენის” ძრავსაც ჩაუტარდა. ახალი პროგრამა შეიყვანეს ძრავის მართვის ბლოკში, რისი წყალობითაც, 4.8-ლიტრიანი ორ ტურბოიანი V8 აგრეგატის სიმძლავრე 500-დან 580 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მაქსიმალურმა მომენტმა კი 30 პროცენტით, 1000 ნიუტონმეტრამდე მოიმატა. ეგ კიდევ არაფერი, ”გემბალა” ძრავის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს. შედგენილია ”ტორნადოს” ტუნინგის პროგრამა, რომელიც ძრავის სიმძლავრის 670-700 ცხენის ძალამდე გაზრდას ითვალისწინებს.

”კაიენის” სპორტ პაკეტში ასევე შევიდა 22-დუიმიანი ბორბლები და მათში ჩამჯდარი ”ბრემბოს” სამუხრუჭე სისტემები. წინა სამუხრუჭე დისკოების დიამეტრი 420 მილიმეტრია, უკანებისა კი - 405 მილიმეტრი.

ცვლილებბი ჯერ არ შეხებია ”კაიენის” ინტერიერს, თუმცა ”გემბალა” აცხადებს, რომ პროექტი ჯერ ბოლომდე მიყვანილი არაა და ავტომობილის სრულყოფის მორიგი ეტაპი სწორედ სალონს შეეხება.

No comments:

Post a Comment