”ფოლკსვაგენის” ელექტრო ტაქსი ლონდონისთვის
Volkswagen Taxi Concept Revealed in London
15 დეკემბერი
პირველი, ვინც დროის ახალ მოთხოვნებს ფეხი აუბა, ”ფოლკსვაგენია”, რომელიც თავის კონცეპტუალურ ჰეჩბეკ Up-ის ბაზაზე, ევროპის დიდი ქალაქებისთვის ელექტრონული ტაქსის წარმოებას აპირებს და ამ ელექტრომობილს შესაბამის ქალაქებს უჩვენებს. ჰოდა, მილანისა და ბერლინის შემდეგ, ლონდონის ჯერიც დადგა, სადაც ელექტრული ტაქსის პროტოტიპი ამ პროექტის შეფმა კლაუს ბიშოფმა წარადგინა.
”ფოლკსვაგენის” ელექტრული ტაქსის გაბარიტებია: სიგრძე 3 730 მილიმეტრი, სიგანე 1 680 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1 600 მილიმეტრი. ამგვარად, ის გერმანული კომპანიის ყველაზე პატარა სერიულ მოდელ ”ფოქსზე” მოკლეა და ძნელი წარმოსადგენია ლონდნური ქების როლში. არადა, აკუმულატორების ”წყალობით”, 1 500 კილოგრამს იწონის.
ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკის ენერგოტევადობა საათში 45 კილოვატია. მასში დაგროვილი ელექტროენერგია 113-ცხენისძალიან ელექტროძრავს ამუშავებს, რომლის დახმარებითაც, ავტომობილი მაქსიმუმ 119 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. სამაგიეროდ, მისი სვლის სიშორე 300 კილომეტრია. დაკიდევ, ერთი თვისება, რასაც ტაქსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - აკუმულატორები ერთ საათში 80 პროცენტით იმუხტება.
სალონში, მძღოლისა და მგზავრების სავარძლების წინ მოთავსებულია თაჩსქრინ მონიტორები, რომლებზეც სასურველი ინფორმაციის ნახვა შეიძლება. წინა მონიტორზე ძირითადად იმ ინფორმაციას ნახავთ, რომლებიც მძღოლს ესაჭიროება. უკანა მონიტორი კი გასართობი ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს. ამავე მონიტორებზე შესაძლებელია მარშრუტისთვის თვალის დევნება და მგზავრობის საფასურის კონტროლი.
დაკიდევ, ავტომობილს ორივე მხარეს თითო კარი აქვს. მაგრამ მათგან ერთი, რომელიც მძღოლისთვისაა განკუთვნილი, წინ მძღოლის მხარესაა განლაგებული, მეორე კი (მგზავრებისა) - უკან. ტაქსს, თან ასეთ კომპაქტურს, მეტი არც სჭირდება.
No comments:
Post a Comment