Monday, December 6, 2010

”ჰიუნდაი” საკუთარ იმიჯს გადახედავს

Hyundai Overhauls Its Brand Image

6 დეკემბერი

”ჰიუნდაი” იანვარში, დეტროიტის საავტომობილო შოუზე თავის ახალ გლობალურ სტრატეგიას გამოაქვეყნეს. კორეული კომპანია ბაზრის უმაღლეს, პრემიუმ სეგმენტს უმიზნებს, რასაც შედეგად, მის პროდუქციაზე ფასების მომატება მოჰყვება. რა თქმა უნდა, ზედა სეგმენტში გადასვლა, პროდუქციის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შედეგიც იქნება.

კომპანია თავისი ცალკეული მოდელებისთვის უკვე იყენებს ახალ დევიზს - ”მოდერნ პრემიუმ” (თანამედროვე პრემიუმი) და ამ ფრაზას მალე ”ჰიუნდაი” თავისი ყველა მოდელისთვის გამოიყენებს. ეს ფრაზა ამჟამინდელ ”დრაივ იორ უეი-ს” (იარე შენი გზით) შეცვლის. პრემიუმ სეგმენტში გადასვლა მარტო დევიზის შეცვლაში არ აისახება. კომპანია კლიენტების მომსახურების დონის გაუმჯობესებას, ინოვაციური მარკეტინგული საშუალებების გამოყენებას და თავისი ავტომობილების გარეგნობის გადახალისებას აპირებს.

”გასული ათი წლის განმავლობაში, ჩვენ საკუთარი კომპანიის იმიჯს, ხარისხიანი ავტომობილების მწარმოებლის მხრივ ვავითარებდით. ამიერიდან კი ჩვენი აქცენტი პრემიუმ სეგმენტისკენ იქნება მიმართული, რასაც ალბათ ახალ პრემიუმს, ან თანამედროვე პრემიუმს დავარქმევთ”, - ამბობს ”ჰიუნდაის” აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ჩო ვონ ჰონი, ვინც კომპანიის გლობალური მარკეტინგის საქმეებს განაგებს.

სხვათა შორის, სიტყვა ჰიუნდაი ჯორეულად ”თანამედროვეს” ნიშნავს. კარგა ხანს, ის ამ სახელს ნამდვილად ვერ ამართლებდა, მაგრამ რამდენიმე წელია, კორეული კომპანია სწორედ თანამედროვე ავტომობილების გამოშვებითაა დაკავებული, რაც მისი გაყიდვების მოცულობის განუხრელ ზრდაში აისახება.

ჩო აცხადებს, რომ მისი სურვილია, ”ჰიუნდაი” იაპონურ კომპანიებზე მაღლა დადგეს. ამისათვის კი კორეელებს აქცენტი სტილის დახვეწაზე, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და ტექნიკის საიმედობის გაზრდაზე აქვთ გადატანილი. შედეგიც ბრწყინვალე აქვთ: სააგენტო ”JD პაუა ენდ ესოშიეიტიდის” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხარისხის შეფასებისას, ამერიკელი მომხმარებელი, ”ჰიუნდაის” ”ტოიოტაზე”, ”ინფინიტიზე”, ”აუდიზე” და ”ლინკოლნზე” მაღლა აყენებს. უფრო მეტიც, იმავე გამოკვლევის შედეგად, ”ჰიუნდაის” ორი მოდელი - ”აქცენტი” და ”ელანტრა”, თავ-თავიანთ სეგმენტებში, საუკეთესოთა სამეულშია შესული.

საშუალო კლასის სედანი ახალი ”სონატა” (ფოტოზე) კი დევიზ ”თანამედროვე პრემიუმის” სიმბოლოდ იქცა. ”ჩვენი პროდუქცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვენი რეპუტაცია, მაგრამ ხალხი უკვე აცნობიერებს ჩვენი ავტომობილების ჭეშმარიტ ღირებულებას”, - ამბობს ”ჰიუნდაის” კიდევ ერთი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ოჰ სუკ-გეუნი, ვინც ახალი ”სონატას” დიზაინის შემუშავებას უძღვებოდა.

P.S. გამოცემა ”უოლ სტრიტ ჯორნელთან” საუბრისას, ”ჰიუნდაის” ამერიკული შტოს პრეზიდენტმა ჯონ კრაფჩიკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ახალი, პრემიუმ სეგმენტის ბრენდის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლითაც კონკურენციას ”ბეემვეს”, ”მერსედესს” და ”ლექსუსს” გაუწევს. არაა გამორიცხული, რომ ახალ ბრენდს სახელად ”ჯენეზისი” ეწოდოს.

კრაფჩიკის თქმით, განიხილება ახალი ბრენდის მარკეტინგის რამდენიმე ვარიანტი. მათგან პირველის მიხედვით, შეიქმნება ცალკე სადილერო ქსელი, რომელიც მხოლოდ ”ჯენეზისის” ავტომობილების რეალიზაციით და სერვისით იქნება დაკავებული. მეორე, უფრო რეალური ვერსიით, ”ჰიუნდაის” ახლანდელი დილერები ”შოურუმს შოურუმში” გახსნიან. ”შიდა” შოურუმები კი ახალ ბრენდს დაეთმობა.

რა თქმა უნდა, ახალი ბრენდის სრულფასოვნებისთვის, საჭირო იქნება, რომ მისი სამოდელო გამა რამდენიმე ახალი ავტომობილით შეივსოს. სავარაუდოდ, პირველ რიგში, ესენი მე-3 სერიის ”ბეემვეს” და ქროსოვერ ”ლექსუს RX-ის” კლასის ავტომობილები იქნება.

No comments:

Post a Comment