Monday, December 6, 2010

რედ ბულ X1” - ოცნების ავტომობილის შოუ-მოდელი

Red Bull X1

6 დეკემბერი

გსმენიათ რამე ისეთი სარბოლი ავტომობილის შესახებ, რომელიც ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას წამნახევარზე ნაკლებ დროს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 450 კმ/სთ-ზე მეტია? სიმართლე გითხრათ, ასეთი ავტომობილი ბუნებაში არ არსებობს, თუმცა ვირტუალური სამყაროს ვარსკვლავად მაშინვე იქცა, როგორც კი ”სონი პლეისტეიშნმა”, ”პოლიფონი დიჯიტალსმა” და ”რედ ბულ რეისინგმა” თავიანთი ერთობლივი ნამუშევრის, ვიდეოთამაშ ”გრან პრი 5-ის” და მისი ახალი ვარსკვლავის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

როგორც ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი ამბობს, ”რედ ბულ X1” ავსტრიული გუნდის ტექნიკური დირექტორის, ფორმულა 1-ის გენიოს ედრიან ნიუის ოცნების ავტომობილია, რომელშიც მან მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩააქსოვა. თანაც ისე, რომ არანაირი ტექნიკური რეგლამენტი არ ზღუდავდა.

ავტომობილის პროექტირებისას, ნიუიმ ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენა, რომლებიც რეალურად მუშაობს. მართალია, თავად ავტომობილი, მისი ძრავი და ტრანსმისია ვირტუალურია, მაგრამ მათი რეალურად დამზადება არავითარ ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენს. მაშ, მის მონაცემებსაც უფრო დაწვრილებით გავეცნოთ:

სიგრძე 4.75 მეტრი, სიგანე 2.18 მეტრი, სიმაღლე 0.98 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2.90 მეტრი, წინა ბორბლების კვალი 1.85 მეტრი, უკანა ბორბლების კვალი 1.78 მეტრი. ავტომობილის მშრალი წონა 545 კილოგრამი, სრული წონა კი - 615 კილოგრამი. ”რედ ბულის” პრეს რელიზში წერია, რომ ამდენივე იქნება მისი ავსტრალიელი პილოტის, მარკ უებერის წონა, მან რომ მოსახვევი 300 კმ/სთ სიჩქარით გაიაროს. ამ დროს, მასზე მოქმედი გადატვირთვა 8.25G-ს მიაღწევს. ცნობისათვის, ამ მაჩვენებელს სამხედრო თვითმფრინავები აღწევენ...

ახლა X1-ის კაპოტქვეშაც ჩავიხედოთ: თითქოს, იქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვნახავთ - 3.0-ლიტრიანი V6 ბევრ სერიულ ავტომობილზეც დგას. თუმცა, X1-ის აგრეგატს ორი ტურბოდამჭირხნი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (რა თქმა უნდა, თეორიულად) 1483 ცხენის ძალას აღწევს. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 714 ნიუტონმეტრია (12 000 ბრ/წთ-ზე), ძრავის მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი კი - 15 000.

ამ ვირტუალურმა ავტომობილმა ავტოსამყაროს იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ ”სონიმ” და ”რედ ბულმა” მისი სრულმასშტაბიანი მოდელის დამზადება გადაწყვიტეს და ეს საქმე კომპანია ”IDC მოდელზს” შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა კი შეკვეთა, ულტრათანამედროვე კომპიუტერული დანადგარების დახმარებით, სულ რაღაც, 4 კვირაში შეასრულა.

დაბოლოს, წარმოდგენა რომ გქონდეთ, რეალურად რა შეუძია ვირტუალურ ”რედ ბულ X1-ს” (თუ საბურავებმა გაუძლეს), გეტყვით, რომ ფეტელმა ამ ავტომობილით სუძუკას ვირტუალური ტრასა, ფორმულა 1-ისთვის სარეკორდო დროზე (ოღონდ, რეალური ტრასისთვის) 20 წამით სწრაფად გაიარა...

No comments:

Post a Comment