Thursday, March 3, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

3 მარტი

გაზაფხულის დადგომისთანავე, ჟენევის საგამოფენო კომპლექსმა „პალექსპომ“ კარი წლის მთავარ საავტომობილო შოუს - ჟენევის ავტო შოუს და მის დამთვალიერებლებს გაუღო. დიდი და პატარა კომპანიები, მცირე, თუმცა სახელგანთქმული ატელიეები, ამ შოუს თავიანთი სერიული, თუ კონცეპტუალური ავტომობილების, ახალი ინჟინრული და დიზაინერული იდეების დემონსტრირებისთვის იყენებს.

რას არ ნახავთ „პალექსპოს“ დარბაზებში - ელექტრომობილებს, რომლებიც მალე დაიპყრობენ მთელი მსოფლიოს გზებს; სუპერ ავტომობილებს, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებენ და ყველაზე მეტ დამთვალიერებელს იზიდავენ, თუმცაღა მათი შეძენისთვის საჭირო თანხას ყველა როდი ფლობს; სერიულ მოდელებს, რომლებიც მალე გამოჩნდება დილერთა შოურუმებში; სატუნინგო კომპანიების მიერ დამუშავებულ სერიულ ავტომობილებს, რომელთა უმეტესობასაც, ერთი შეხედვით, გასაუმჯობესებელი არაფერი აქვს; ეგრეთ წოდებულ ფუტურისტულ კონცეპციებს, როგორებსაც არასდროს გამოუშვებენ, თუმცა ისინი მაინც დიდ ინტერესს იწვევენ...

მოკლედ, ჟენევაში სანახავი ბევრია, ყველაფრის დასათვალიერებლად ერთი დღე ალბათ საკმარისიც არაა. ხუმრობა ხომ არ არის - 100-ზე მეტი ექსპონატის ნახვა. რომლით დავიწყოთ, ძალიან ძნელი ასარჩევია. მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილის ინდოელ მწარმოებელ „ტატას“ კონცეპტუალური „პიქსელით“, თუ „როლს როისის“ პირველი ელექტრომობილით, რომელიც ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური 102EX-ის სახელითაა ცნობილი? ან იქნებ, „ალფა რომეოს“ ულამაზეს კონცეპტუალურ სპორტქარ C4-ით, რომლითაც მილანური მარკა ამერიკაში დაბრუნებას გეგმავს? ჰიბრიდული „პორშე პანამერათი“, „ლამბორგინის“ ახალ ფლაგმან „ავენტადორით“, რომელიც იტალიურმა კომპანიამ ნაწილ-ნაწილ გაგვაცნო, თუ მომავლის ავტომობილებზე „ბეემვეს“ უახლესი „ხედვით“?..

ოპელ ამპერა

ალბათ ლოგიკური დასაწყისია - ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელებული „შევროლე ვოლტის“ ოდნავ სახეშეცვლილი, ევროპული ვერსია (თუმცა მას ამერიკაში, იმავე ქარხანაში აწარმოებენ, რომელშიც ვოლტს) ბაზარზე წელს გამოვა, მისი ისტორია კი სწორედ ჟენევაში დაიწყო, რადგან იქ მისი მსოფლიო პრემიერა ჩატარდა.

სხვათა შორის, ევროპაში „ვოლტიც“ და „ამპერაც“ გაიყიდება, თუმცა შიდა კონკურენციის გამოსარიცხად, „ჰენერალ მოტორსმა“ გერმანული გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ელექტრომობილის საბაზო ღირებულებად 42 900 ევრო გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ძალიან ძვირია და ამ შემთხვევაში, აკუმულატორების მაღალი ფასი არაფერ შუაშია. თუმცა, სიძვირის მიუხედავად, „ოპელს“ ამ ავტომობილზე უკვე 3 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული.

„ამპერას“ ელექტროძრავი 150 ცხენის ძალას და 370 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან მაბრუნი მომენტის მაქსიმუმს ძრავის როტორის მობრუნებისთანავე ავითარებს. ავტომობილში ენერგიის დაგროვება ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ხდება, რომლის ტევადობაც 16 კილოვატსაათია. მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობისას, „ამპერა“ 40-80 კილომეტრს გადის, მაგრამ როცა საქმეში შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი ერთვება, მაშინ სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება. „ამპერას“ მაქსიმალური სიჩქარე 161 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მას დაახლოებით 9 წამი ჰყოფნის. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრულად დასამუხტად კი 4 საათია საჭირო.

დაკიდევ, ელექტრომობილს ოთხი განსხვავებული რეჟიმით გადაადგილება შეუძ»ია. ეს რეჟიმებია: ნორმალი, სამთო, სპორტული და საქალაქო. ყველა შემთხვევაში, მართვის ელექტრონული სისტემის მთავარი მიზანი ისაა, რომ ავტომობილმა მაქსიმალური მანძილის გავლა შესძლოს.

გაგრძელება იქნება...

No comments:

Post a Comment