Thursday, March 3, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

3 მარტი

სააბ ფინიქსი

შვედური კომპანია არცთუ დიდი ხნის წინ, „ოპელის“ ნათესავი იყო - ორივე კომპანია „ჯენერალ მოტორსში“ შედიოდა, მაგრამ შარშან „სააბს“ ახალი პატრონი გამოუჩნდა სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ჰოლანდიური „სპაიკერის“ სახით. შემდეგ, მისი დიზაინის საქმეები იტალიური წარმოშობის ჯეისონ კასტრიოტას ჩააბარეს, ვინც მანამდე „ბერტონეს“ მთავარი დიზაინერი იყო.

„სააბში“ კასტრიოტას პირველი ნამუშევარია კონცეპტუალური „ფინიქსი“, რომელიც ტროლჰატანელებმა პირველად სწორედ ჟენევაში წარადგინეს. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ფინიქსი“ არის ნიმუში იმისა, თუ როგორი (დაახლოებით) იქნება „სააბის“ მომავალი ავტომობილები, პირველ რიგში კი შემდეგი თაობის „სააბ 9-3“.

ახალ სტილს „სააბში“ „აერომოუშნლ“ (აერომოციური) უწოდეს. ანუ, ავტომობილის გარეგნობაში, ჰარმონიულადაა შერწყმული ემოცია და აეროდინამიკური ფორმები. „ფინიქსი“ შესანიშნავი აეროდინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა - ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი მისი წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.25-ია. ამ მაჩვენებლის მიღწევაში, დიზაინერებს გვერდითა ელერონები დაეხმარა. ავტომობილში ჩასაჯდმი ფორმულაა 2+2, მისი კარებები კი „ლამბორგინის“ ავტომობილებისათვის დამახასიათებელ სტილში იღება. ეს კი სალონში შესვლას და იქიდან გადმოსვლას აადვილებს.

რაც შეეხება აღჭურვილობას, შვედური კონცეპცია ჰიბრიდული ავტომობილების კლასს მიეკუთვნება. ბენზინზე მომუშავე 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი (მაქს. სიმძლავრე 200 ცხენის ძალა) თავის მომენტს წინა ბორბლებს აწვდის, ელექტროძრავი კი (34 ცხ.ძ) უკანა ღერძს ატრიალებს. ელექტროძრავი საჭიროების შემთხვევაში, გენერატორის მოვალეობასაც ასრულებს და მუხრუჭების ენერგიას ელექტრულად აგროვებს.

ამ ჰიბრიდული სისტემის დახმარებით, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 5.0 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში მხოლოდ 119 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ფოლკსვაგენ ბული

ეს არის კონცეპტუალური მიკროავტობუსი, რომელსაც ვოლფსბურგელები ალბათ კონვეიერზეც დააყენებენ. ბოლო ხანს, კონცეპტუალური ავტომობილების ელექტრული ძალური დანადგარებით აღჭურვა ტრადიციად იქცა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც „ბულია“.
ამ კლასის ავტომობილის წარმოება „ფოლკსვაგენმა“ 60 წლის წინ დაიწყო და ის მალე ძალიან პოპულარული გახდა. ათი წლის წინ, გერმანულმა კომპანიამ უკვე სცადა მიკროავტობუსის წარმოების განახლება - კონცეპტუალური „ფოლკსვაგენ მიკრობუსი“ შექმნა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, საქმე ამაზე შორს ვერ წავიდა. მაგრამ ახლა მის გაცოცხლებას მაინც აპირებს.

უნდა ითქვას, რომ გარეგნულად, „ბული“ ასევე კონცეპტუალური Up!-ს ჰგავს. ოღონდ მასზე დიდია და თავისუფლად იტევს ექვს ადამიანს. ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 85 კილოვატი, მაბრუნი მომენტი კი 270 ნიუტონმეტრია. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 40 კილოვატსაათია. ეს ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი დამუხტვით 300 კილომეტრი გაიაროს, რაც თანამედროვე სუფთა ელექტრომობილებისთვის რეკორდული მაჩვენბელია. „ბულის“ მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი მას 11.5 წამი სჭირდება.

ამ მიკრობუსის სერიული წარმოება 2014 წელს უნდა დაიწყოს, ოღონდ ის ელექტრომობილი არ იქნება. სერიული ავტომობილი 1.0 და 1.4-ლიტრიანი ტურბოდიზელებით აღიჭურვება.

გაგრძელება იქნება...

No comments:

Post a Comment