Thursday, March 17, 2011

ჟენევა 2011

„როლს როისის“ პირველი ელექტრომობილი

Rolls Royce 102EX Phantom Electric

17 მარტი

ვინ იფიქრებდა, რომ „როლს როისი“ ოდესმე გიგანტურ ძრავებზე უარს იტყოდა. მაგრამ თანამედროვე ავტოინდუსტრიის ახალი მოდა, უფრო სწორედ ტრენდი, ლიმუზინების მწარმოებელი ბრიტანული მარკისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ჟენევის ავტო შოუზე, „როლს როისმა“ ელექტრონული „ფანტომი“ – 102EX წარადგინა.
ამ ავტომობილზე, 6.75-ლიტრიანი V12 ძრავი ორმა ელექტროძრავმა შეცვალა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 389 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 800 ნიუტონმეტრია. ექვსსაფეხურიანი ავტომატური კოლოფი კი ერთსაფეხურიანი ტრანსმისიით შეიცვალა.
ორივე ელექტროძრავი უკანა ღერძზე ზის და ისინი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან იკვებება. სხვათა შორის, ეს აკუმულატორების ყველაზე დიდი ბლოკია მათ შორის, რომლებიც კი ოდესმე ავტომობილებზე გამოუყენებიათ. მისი ტევადობა 70 კილოვატსაათია, გამართულად მუშაობის ვადა კი - სამი წელი.
აკუმულატორების დასამუხტად, სამი ტიპის მოწყობილობას იყენებენ. მათგან ერთფაზიანის გამოყენების შემთხვევაში, აკუმულატორების სრულ დამუხტვას 20 საათი სჭირდება, სამფაზიანს კი 8 საათი ჰყოფნის. მესამე მოწყობილობა ეგრეთ წოდებული ინდუქციური დამმუხტავია, რომელიც მანქანის ძირზე მოთავსებულ ფირფიტას იყენებს. ოღონდ, ის ჯერ სამუშაო კონდიციამდე არ მიუყვანიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრული „ფანტომის“ სვლის სიშორე 200 კილომეტრია.

რაც შეეხება ამ გიგანტური ელექტრომობილის ტემპერამენტს, 102EX-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 8 წამში შეუძლია (ბენზინისძრავიანი ფანტომი იგივეს 5.7 წამში ახერხებს), მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურადაა შეზღუდული (ენერგიის დაზოგვის მიზნით) და 160 კმ/სთ-ს აღწევს.

ჟენევის შოუს დასრულებისთანავე, „როლს როისმა“ თავისი პირველი ელექტრომობილი, მსოფლიო ტურნეში გააგზავნა, იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ავტომობილი ეყიდება. ამ ტურნეს მიზანი კი მარტივია - პოტენციურ მყიდველთა აზრის შესწავლა. მიღებული გამოხმაურებების ანალიზის შემდეგ კი გადაწყდება, რომელი ალტერნატიული ტექნოლოგიებია როლსების მყიდველებისთვის ყველაზე მისაღები.

No comments:

Post a Comment