Thursday, March 17, 2011

ინდური „ფერარი“ „ტოიოტა კოროლას“ ბაზაზე

ამაზე უკეთესს საქართველოში დაგიმზადებენ!

Indian Firm Whips up a Ferrari F430 Replica out of a Toyota Corolla

17 მარტი

მთელს მსოფლიოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც სუპერ ავტომობილების კლონებს ამზადებენ. ზოგიერთი მათგანის ნამუშევარი იმდენად დახვეწილია, რომ ნამდვილი „ფერარის“, „ლამბორგინის“ და „ეი-სი კობრასგან“ ვერც განასხვავებთ. მაგრამ ყველა მათგანი „პონტიაკ ფიეროს“, „ტოიოტა MR2-ის“, ან კიდევ (იშვიათად) „ტოიოტა სელიკას“ ბაზაზეა შექმნილი.

მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც თავიანთი „შედევრებისთვის“ (ასეთ ავტომობილებს ხშირად კიტქარებად მოიხსენიებენ) სხვა, წინაამძრავიანი ავტომობილების ბაზაზე ქმნიან. ამ ფოტოზე გამოსახული ავტომობილი, რომელიც ძლიერ ჰგავს „ფერარი F430-ს“, არც მეტი, არც ნაკლები, „ტოიოტა კოროლას“ პლატფორმაზეა ბაზირებული.

კომპანიას, უფრო სწორედ, პატარა ფირმას, რომელმაც ეს მანქანა შექმნა, „იგზეეკიუტივ მოდქარ ტრენდს“ ეწოდება. ეს ინდური ფირმაა, რომელიც ქალაქ მუმბაიში მდებარეობს. ამ ავტომობილის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2 და ის 10 ლაკჰი, ანუ დაახლოებით 22 500 ამერიკული დოლარი ღირს.

ისე, თუ მსგავსი კიტქარის ყიდვა გსურთ, ინდოეთში წასვლა სულაც არაა საჭირო. მსგავს სუპერ ავტომობილს შეკვეთით თბილისშიც დაგიმზადებენ. ალბათ გსმენიათ თვითნასწავლი დიზაინერის, გოჩა ქსოვრელის შესახებ, რომელმაც შარშან „ჰონდა სივიკის“ ბაზაზე მცირე შედევრი შექმნა.

გოჩა ქსოვრელი ასეთი ავტომობილის დამზადებას დიდი ხანია, აპირებს, მაგრამ უსახსრობა უშლის ხელს. მაგრამ თუ შეკვეთას მიიღებს, „სუბარუ იმპრეზას“, ან „მიცუბიში ლანსერ ევოს“ აგრეგატების ბაზაზე, ისეტ კიტქარს დაგიმზადებთ, ნამდვილი „ლამბოსა“ და „ფერარისგან“ ვერ განასხვავებთ...

No comments:

Post a Comment