Friday, March 25, 2011

იაპონიის ავტოინდუსტრიის აღდგენას თვეები დასჭირდება

Analysis: Japan auto recovery may take months

25 მარტი

იაპონიის მიწისძვრიდან ორი კვირა გავიდა. რა თქმა უნდა, სტიქიის რეგიონში, ყველა წარმოება გაჩერებულია. არ მუშაობს საავტომობილო ქარხნებიც. „ტოიოტა“, „ნისანი“, „ჰონდა“ და სხვა კომპანიები, პერიოდულად, რამდენიმე დღით ახანგრძლივებენ ხოლმე იძულებით უქმეობას, თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთი ქარხნის ამოქმედება კიდევ რამდენიმე კვირის და იქნებ, თვის განმავლობაშიც არ მოხერხდება.

უფრო მეტიც, მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელთა გაჩერების გამო, სხვა ქვეყნების ავტომწარმოებლებიც ზარალდებიან. ზოგ შემთხვევაში, მათ წარმოების შეზღუდვა და უარეს შემთხვევაში, გაჩერებაც კი უწევთ. ამიტო,, იაპონიის სტიქიურმა უბედურებამ, არამარტო იაპონური, არამედ მსოფლიო ავტოინდუსტრიაც კი აზარალა.

თანამედროვე ავტომობილი დაახლოებით 30 000 ნაწილისგან შედგება, რომელთა 70 პროცენტზე მეტს, კომპონენტების მწარმოებელი ასობით კომპანია აწარმოებს. ამასთან, წარმოების პროცესში, ერთი უმნიშვნელო ჭანჭიკის მიწოდების შეფერხებამ შეიძლება ქარხნის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ამას კი ეგრეთ წოდებული „ზუსტად დროში“ (ჯასტ ინ ტაიმ) საწარმოო პროცესი იწვევს.

ეს პროცესი ქარხნების ტერიტორიაზე მინიმალური სასაწყობე სათავსების არსებობას ითვალისწინებს და საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც ცხოვრება ნორმალური რიტმით მიმდინარეობს. ქარხანა საჭირო მაკომპლექტებლებს ყოველდღიურად ღებულობს და თითქმის მაშინვე კონვეიერზე უშვებს. ამ პროცესის მეშვეობით (ის პირველად სწორედ იაპონელებმა დანერგეს) ასობით მილიონი დოლარის დაზოგვა ხერხდება. მაგრამ მიწოდებაში მცირე შეფერხებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამწყობმა ქარხანამ მუშაობა შეანელოს და შეწყვიტოს კიდეც.

იაპონიის სტიქიის რეგიონში, მაკომპლექტებლების მწარმოებელი დაახლოებით 500 ქარხანაა გაჩერებული. ამ ქარხნებში საავტომობილო ელექტრონიკას, პლასტმასის დეტალებს, სხვადასხვა ნაწილებს აწარმოებენ. ეს ქარხნები, გარდა იაპონური კომპანიებისა, უცხოურ კომპანიებსაც ამარაგებს.

დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული საწარმოები ნორმალური რეჟიმით მუშაობის აღდგენას რამდენიმე თვე ვერ შეძლებენ. არადა, იაპონური ავტოინდუსტრია, რომლის წარმოების წლიური ფულადი მოცულობა დაახლოებით 700 მილიარდი დოლარია, მიწისძვრამდე როგორღაც ახერხებდა იმ კრიზისიდან თავის დაღწევას, რომელიც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

სტიქიის რეგიონში (ქალაქი ნაკა, იბარაკის პრეფექტურა) მდებარეობს კომპანია „რენესას ელექტრონიკსის“ საწარმო, სადაც ავტომობილების მაკონტროლებელ სენსორებს და სხვადასხვა ელექტრონულ კვანძებს ამზადებენ. ეს საწარმო, მსოფლიო ავტოინდუსტრიის დაახლოებით მეხუთედს ამარაგებს.

კვლევითი კომპანია „IHS ავტომოტივი“ აცხადებს, რომ იაპონიის მიწისძვრის გამო, მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრია 30 პროცენტით დაეცემა. ოღონდ, ეს დაცემა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ სტიქიის რეგიონში არსებული ქარხნები 6 კვირაში განაახლებენ მუშაობას. მათი უფრო დიდი ხნით გაჩერება, გლობალურ ავტოინდუსტრიას კიდევ უფრო დააზარალებს.

იაპონური საავტომობილო კომპანიების უცხოური საწარმოები მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ ისინი მაკომპლექტებელი ნაწილების დიდ ნაწილს იაპონიიდან ღებულობენ. როგორც ირკვევა, ამ ქარხნებს გარკვეული მარაგები გააჩნია და ისინი ცოტა ხანს მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა მათი გამოლევის შემდეგ, გაჩერება მოუწევთ.

დრო მიდის, იაპონური ქარხნები გაჩერებულია და როდემდე გაგრძელდება ასე, არავინ იცის. „ტოიოტა“, „ნისანი“ და „ჰონდა“ ლამის ყოველდღიურად აქვეყნებენ თავიანთ მოკლევადიან გეგმებს. მათს განცხადებებში კი მხოლოდ იმას ამოიკითხავთ, რომ ქარხნების უმოქმედობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ზუსტად რა ხნით, ამაზე ჯერ პასუხი არავის აქვს...

No comments:

Post a Comment