Wednesday, March 16, 2011

„სააბი“ ახალ მოდულურ პლატფორმას შექმნის

Saab's hi-tech modular chassis

16 მარტი

შვედურმა საავტომობილო კომპანია „სააბმა“ მკვეთრად შეცვალა სამომავლო გეგმები და იმის ნაცვლად, რომ ახლანდელ მოდელ 9-3-ის პლატფორმა გადაეკეთებინა და ის ახალი მოდელებისთვის გამოეყენებინა, სრულიად ახალი, უნივერსალური პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა, პლატფორმისა, რომელსაც სხვადასხვა კლასის ავტომობილებზე გამოიყენებს.

ახალ, მოდულურ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება როგორც კომპაქტური 9-2-ის, ასევე ფლაგმან 9-7-ის დამყნობა. შედარებისთვის, პირველის საორიენტაციო სიგრძე 4.2 მეტრი, მეორისა კი 5.5 მეტრი იქნება. ახალ პლატფორმას პირველ რიგში, ახალი 9-3-ის, ასევე 9-5-ის და 9-4X-ისთვის გამოიყენებენ.

ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“, შვედური კომპანიის ინკოგნიტო თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად გვამცნობს, რომ „სააბი“ ასევე განიხილავს „მინის“ კონკურენტი 9-1-ის წარმოების დაწყების მიზანშეწონილობას, რომლის წარმოებაც თუ გადაწყდა, მისთვის სულ სხვა პლატფორმა იქნება შესამუშავებელი.

შვედური კომპანია ახალი პლატფორმის წინა საკიდარს მაკფერსონის სისტემით აღჭურვავს, უკან კი ხუთბერკეტიან სისტემას გამოიყენებს. ამ სისტემებს „სააბს“ კომპანია ZF დაუმზადებს. ამასთან, მოდელ 9-5-სთვის, წინა საკიდარს შეცვლიან და ის განსხვავებული მობრუნებადი „მუშტებით“ აღიჭურვება, რომლებიც აჩქარებისას, მოხვევის ეფექტს გაანეიტრალებს.

რაც მთავარია, ახალი პლატფორმა ისეთი იქნება, რომ მასზე ცალკეული კვანძების და ნაწილების გამოცვლა ზედმეტი დანახარჯების გარეშე იყოს შესაძლებელი. ამის წყალობით, კომპანია ახალი მოდელის სწრაფად და იაფად შემუშავებას მოახერხებს. რამდენიმე მოდელისთვის ერთი, უნივერსალური პლატფორმის გამოყენებაც, ხარჯების და ახალი მოდელების შემუშავებისთვის საჭირო დროის შემცირებას გამოიწვევს. შედეგად, ისინი უფრო კონკურენტუნარიანები იქნება.

სხვათა შორის, ახალი პლატფორმის კონცეპტუალური ვარიანტი „სააბმა“ თავის კონცეპტუალურ მოდელ „ფინიქსზე“ უკვე გამოიყენა, ავტომობილზე, რომელიც პირველად ახლახანს, ჟენევის ავტო შოუზე წარმოადგინა. ამასთან, იმავე მოდელით გვიჩვენა, თუ რა მიმართულებით ავითარებს კორპორატიულ სტილს.

„ფინიქსი“ ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი, რომლის ძირითადი აგრეგატიცაა „ბეემვეს“ წარმოების 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც 200 ცხენის ძალას იძლევა. ეს აგრეგატი თავის მომენტს, ექვსსაფეხურიანი კოლოფის გავლით, წინა ბორბლებს აწვდის. უკანა ბორბლებს კი ელექტროძრავი ემსახურება, როლის სიმძლავრეც მხოლოდ 33 ცხენის ძალაა და რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს.

No comments:

Post a Comment