Saturday, April 23, 2011

„ბუგატი გალიბიერს“ მწვანე შუქი აუნთეს

Bugatti Gives 16C Galibier Production Green Light

24 აპრილი

„ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „ბუგატი“ მალე სედან „გალიბიერს“ გამოუშვებს. ეს ცნობა სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა. თავის მხრივ, ინფორმაცია სააგენტოს „ფოლკსვაგენის“ ორმა წარმომადგენელმა გაუმხილა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.

„ბუგატიმ“ კონცეპტუალური სედანი „16C გალიბიერი“ შარშან, ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, ამ ავტომობილის ბედი გაურკვეველი იყო. მისი წარმოების დაწყებას პროტეჟირებას „ბუგატის“ და „ბენტლის“ შეფი ვოლფგანგ დურჰაიმერი დიდი მონდომებით ცდილობდა და ბოლოსდაბოლოს, თავისი გაიტანა კიდეც.

„ფოლკსვაგენის“ გადაწყვეტილებით, სუპერ სედანს „ბუგატის“ მოლშეიმის (საფრანგეთი) ქარხანა გამოუშვებს, სადაც ამჯერად ჰიპერქარ „ვეირონს“ ამზადებენ. მაგრამ სანამ ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, ქარხანას მოდერნიზაცია დასჭირდება. ამიტომ, სასურველ ავტომობილს პირველი მყიდველი 2013 ან 2014 წელზე ადრე ვერ მიიღებს.
„გალიბიერი“ იმავე W16 ძრავით აღიჭურვება, რომელიც მამოძრავებელ ძალას „ვეირონს“ ანიჭებს. მისი მუშა მოცულობა 8.0 ლიტრია, თუმცა თუ „ვეირონის“ შემთხვევაში, ის ოთხი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი (ცილინდრების ყოველ რიგზე თითო), „გალიბიერის“ შემთხვევაში, ძრავს ორსაფეხურიანი მექანიკური დამჭირხნი მოემსახურება. ამის წყალობით, მას მეტი მაბრუნი მომენტიც ექნება და რაც მთავარია, ჩავარდნების გარეშე იმუშავებს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გალიბიერს“ ელექტროძრავითაც აღჭურვავენ. ეს კი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მალე ევროპის ბევრი დიდი ქალაქის ცენტრში, შიდაწვისძრავიანი მანქანებით სიარულს შეზღუდავენ. ამ შემთხვევაში კი, „გალიბიერის“ მფლობელები, ასეთ უბნებში ელექტროძრავით გადაადგილებას შეძლებენ.

დურჰაიმერი ამბობს, რომ პროექტი ჯერჯერობით ადრეულ სტადიაშია. ჯერ მანქანის გაბარიტული ზომებიც კი არაა დაკონკრეტებული. არც ისაა გადაწყვეტილი, შასი კარბოლის კომპოზიტით დამზადდება, თუ ალუმინით. სამაგიეროდ, არის ვარაუდი, რომ სედანი სულ 3 000 ცალი დამზადდება. შედარებისთვის, „ვეირონი“ მხოლოდ 300 ცალი დამზადდა. გამოცემა „ქარ-ის“ ვარაუდით, „ბუგატის“ სუპერ სედანიც „ვეირონივით“ 1 მილიონი ევრო ეღირება.

რაც შეეხება სახელს, „გალიბიერი“ ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა. ცნობისათვის, ავტომწარმოებელმა ეს სახელი საფრანგეთის ალპური ზონის უღელტეხილ „გალიბიერისგანაა“ აღებული. ამ უღელტეხილს სახელი ველომარათონმა ტურ დე ფრანსმა გაუთქვა, რომლის მარშრუტშიც ის ხშირად შედის.

No comments:

Post a Comment