Saturday, April 23, 2011

„ფიატ-ი“ მნიშვნელოვან სეგმენტში სტრატეგიას ცვლის

Fiat changes product strategy in key segment

24 აპრილი

იტალიურმა კომპანიამ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ის აღარ აპირებს ევროპის ბაზარზე ყველაზე პოპულარული, C კლასის კომპაქტურ ჰეჩბეკ „ბრავოს“ წარმოებას და მის ნაცვლად, ამავე კლასის შესაბამის ქროსოვერს გამოუშვებს, რომელიც შესაბამისი კლასის ბესტსელერ „ნისან ქაშკაის“ შთაგონებით დამზადდება.

სხვათა შორის, „ფიატ-ის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ ჯერ კიდევ დეტროიტის ავტო შოუზე განაცხადა, რომ მისი კომპანია, საწარმოო პროგრამაში არაორდინარულ სვლას გეგმავდა. მაშინ გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა ამ გეგმამ ჩამოყალიბებული სახე ახლახანს მიიღო. გამოცემა „აუტომოტივ ნიუს იუროპმა“ ტურინული კომპანიის წარმომადგენლებისგან შეიტყო, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება.

ცნობისათვის, სანამ „ქაშკაის“ გამოუშვებდა, „ნისანი“ ევროპის ბაზრის კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში ამინდს ვერ ქმნიდა, ამჟამად კი ამ სეგმენტში მე-5 ადგილი უკავია. კომპაქტური ავტომობილების სეგმენტი მეორე უდიდესია ევროპაში - შარშან იქ 3.16 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც მთლიანი ბაზრის 21 პროცენტზე მეტია. სულ ევროპაში შარშან 14.3 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე დიდი კი სუბკომპაქტური ავტომობილების (B) სეგმენტია, სადაც შარშან 3.64 მილიონი ავტომობილი (საერთო ბაზრის 25 პროცენტი) გაიყიდა.

ახლანდელი „ქაშკაი“ და „ბრავო“ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. თავიდან მათი გაყიდვების მოცულობა თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ შარშან „ქაშკაი“ „ბრავოზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი გაიყიდა (216 091 და 44 850). სხვათა შორის, „ნისანმაც“ ამ ქროსოვერით თავის დროზე, ცუდად გაყიდვადი „ალმერა“ შეცვალა. „ქაშკაიმ“ მალე მოიპოვა პოპულარობა და შარშან კომაქტური ჰეჩბეკების სეგმენტის ისეთ ლიდერსაც კი აჯობა (50 000-ზე მეტით), როგორიც არის „პეჟო 308“.

„ბრავო“ მხოლოდ ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით გამოდის. გაყიდვების პირველ სრულ წელს (2008) მხოლოდ 95 292 ცალი „ბრავო“ გაიყიდა, ორ წელიწადში კი მისი გაყიდვები თითქმის განახევრდა. თუ თავიდან კომპაქტურ სეგმენტში მას მე-12 ადგილი ეკავა, შარშან მე-18 ადგილამდე დაქვეითდა. ასე განსაჯეთ, „ფიატ ბრავო“ „შკოდა იეტიმაც“ კი ჩამოიტოვა (47 003), თავად კი მცირედით ჩამოიტოვა ჰიბრიდული „ტოიოტა პრიუსი“ (42 816).

როცა „ბრავოს“ გაყიდვებს იწყებდა, „ფიატმა“ გამოაცხადა, რომ წლიურად 120 000 ცალის გაყიდვას გეგმავდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ ეს მოდელი მოგებას იმ შემთხვევაში მოიტანდა, თუ წლიურად მინიმუმ 75 000 ცალი გაიყიდებოდა. ეს ზღვარი „ბრავომ“ 2007 და 2008 წლებში იოლად გადალახა, მაგრამ უკვე ორი წელია, მასთან ახლოსაც ვერ მიდის.

დეტროიტში მარკიონემ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებაც „ფიატს“ მოუწევს, კომპაქტურ სეგმენტში სრულყოფილი სტრატეგიის შემუშავებაა. მან აღნიშნა, რომ არაპოპულარული მოდელის ბაზაზე სხვა მოდელების გამოშვება კრახისთვისაა განწირული. ის დიდხანს ეთათბირა „ფიატ-ის“ მარკეტოლოგებს და ინჟინრებს, რომლის შემდეგაც გადაწყდა, „ბრავო“ აღარ შეიცვალოს და მის ნაცვლად, ტურინელებმა კომპაქტური ქროსოვერის წარმოება დაიწყონ.

ევროპის ბაზრის კომპაქტური სეგმენტის მოწინავე ათეული

1. ფოლკსვაგენ გოლფი 501 671 -13.4%

2. ოპელ/ვოქსოლ ასტრა* 303 957 +7.6%

3. ფორდ ფოკუსი** 288 524 -11.6%

4. რენო მეგანი*** 264 690 +5.1%

5. ნისან ქაშკაი 216 091 +15.4%

6. შკოდა ოქტავია 188 073 +0.0%

7. პეჟო 308**** 165 822 -21.3%

8. ჰიუნდაი i30 118 644 +16.8%

9. პეჟო 3008 117 417 --

10. კია სიი’დ 96 848 -9.1%

შენიშვნა

* - არ შედის კუპე და კაბრიოლეტი

** - არ შედის კაბრიოლეტი

*** - არ შედის კაბრიოლეტი

**** - არ შედის კუპე და კაბრიოლეტი

No comments:

Post a Comment